დავით დარჩიაშვილი:   რუსეთის პრემიერის ბაგეებიდან ნათელმა მესიჯმა გაიჟღერა

დავით დარჩიაშვილი: რუსეთის პრემიერის ბაგეებიდან ნათელმა მესიჯმა გაიჟღერა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერის ბაგეებიდან "ნათელმა მესიჯმა გაიჟღერა", რომ თუ საქართველოს კვლავ უნდა დასავლეთისკენ სიარული, არ დაივიწყოს, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ქართული პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, პირველ რიგში უმრავლესობის, რომ რა გვინდა ჩვენ, თუ ვაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ არ უნდა ვლაპარაკობდეთ იგივე ენით, როგორც ლაპარაკობს ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ლიდერი. მისი შეფასებებით არ უნდა ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს და უნდა გავაგრძელოთ სვლა დამოუკიდებლობის განმტკიცებისაკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მიუხედავად იმისა, რა განწყობა აქვს რუსეთს. ეს რისკს შეიცავს რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნათ. სახელმწიფოს მშენებლობა სარისკო საქმეა, მით უფრო ჩვენს რეგიონში, ან არაფერი არ გავაგრძელოთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, შევარდნაძის რიტორიკაც მოსწონდა რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებას, 1993 წელს, როდესაც დსთ-ში შევიდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები მოსკოვთან კონსულტაციებით დანიშნა.

"მაგრამ, როგორც კი შევარდნაძე შეეცადა ამ გავლენებისგან თავი დაეღწია, ოდნავ რომ დალაგდა ქვეყანა, აღარ მოეწონათ მისი რიტორიკა, დაიწყო ტერაქტები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.