გოკა გაბაშვილი:  მედვედევის ინტერვიუში ახალი იყო სიყვარულის ნოტები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ

გოკა გაბაშვილი: მედვედევის ინტერვიუში ახალი იყო სიყვარულის ნოტები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გუშინდელ ინტერვიუში "საქართველოსადმი ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება" დაინახა.

"უმცირესობის სახელით მონდა, მოვიგონო ის ბიჭები, რომლებიც 2008 წლის ომის დროს წინა ხაზზე იბრძოდნენ აგრესორის და ოკუპანტის წინააღმდეგ, რომელიც ურცხვად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და მეორე მსოფლიო ომის შემდგე პირველად შექმნა პრეცედენტი, როცა ერთმა ქვეყანამ სცადა მეორის საზღვრები შეეცვალა.

საერთაშორისო თვალსაზრისით მათ მიერ მიტაცებული და დაპყრობილი ტერიტორიები ისევ საქართველოა და ეს ვითარება არ შეიცვლება თუ საქართველომ არ მიიღო საბედისწერო და მცდარი გადაწყვეტილებები. სწორედ ესაა რუსეთის მიზანი და ამაზე მედვედევმა გასაგებად ისაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მაშინ, როცა საქართველო შეეგუება ახალ რეალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა ერთი. მედვედევმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოუკიდებულება საქართველოს მიმართ, ის ცდილობდა გაემართლებინა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა, ეთნიკური წმენდა და ისევ ურცხვად ცდილობდა ეს წარმოეჩინა ეთნიკურ კონფლიქტად", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.

მისივე განმარტებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გულუბრყვილო არ აღმოჩნდება და ამ სატყუარას არ გადაყლაპავს.

"ერთადერთი ახალი რა იყო, ეს იყო სითბოსა და სიყვარულის ნოტები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მათ თქვეს, რომ მოსწონთ ეს მიდგომები, რაც გასაგებია, რადგან თუ საქართველომ თავად თქვა, რომ მან დაიწყო ომი, რომ ჩაშალა თავის დროზე სამშვიდობო პროცესი, ბუნებრივია, ეს რუსეთს მოეწონება და მოსკოვის პოზიციებს გააძლიერებს საერთაშორისო ასპარეზზე. იმედი მაქვს, რომ არც ისეთი გულუბრყვილო იქნება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და ამ სატყუარას არ გადაყლაპავს, არ დათმობს თავის პოზიციებს, არ დაკავდება დაყვავების პოლიტიკით", - აღნიშნა დეპუტატმა.