სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ინიციატივას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ინიციატივას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის მიზანიც საკომლო-საოჯახო მეურნეობების გამსხვილებაა, ძალაში შევიდა. "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონოპროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან, სტატუსის მოპოვებასთან, შეწყვეტასთან, მონიტორინგთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია.
ძალაში შესული კანონის თანახმად, იქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა იყოს. სააგენტო უფლებამოსილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერტავებისთვის სტატუსის მინიჭებაზე, შეწყვეტასა და მონიტორტინგზე. ის ასევე განახორციელებს კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით გათვალისწინებულია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ასევე კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ნებაყოფლობით პრინციპს დაეფუძნება და ათეულობით წლის წინ არსებული კოლმეურნეობების ანალოგი არ იქნება", - აცხადებს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.