დაზარალებული იპოთეკარები ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით კინტრიშის ხიდს გადაკეტავენ

დაზარალებული იპოთეკარები ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით კინტრიშის ხიდს გადაკეტავენ

დღეს, 7 აგვისტოს, 12:00 საათზე, დაზარალებული იპოთეკარები, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე მდინარე კინტრიშის ხიდს გადაკეტავენ. აქციას თბილისელი და ქუთაისელი იპოთეკარებიც შეუერთდებიან.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ იპოთეკარებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიღებული კანონი პრემიერის ინიციატივით დაიბლოკა, დაზარალებულებს დაპირდნენ, რომ 2014 წლის 1-ელ თებერვლამდე პროცენტებს აღარ გადაახდევინებდნენ, ანუ ამ საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ტყუილი დაპირება იყო. წელს აჭარაში, უამინდობის გამო, საკურორტო სეზონი ჩავარდა. მოსახლეობას ფული არ აქვს, რომ პროცენტი გადაიხადოს და, შესაბამისად, სახლ-კარისა და ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ხალხი პრემიერთან შეხვედრად სწორედ ამიტომაც ითხოვს," - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ"-ს უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ.

ბლადაძის ინფორმაციითვე, კინტრიშის ხიდზე აქცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე პრემიერი ივანიშვილი დაზარალებულ მოსახლეობას არ შეხვდება.

აღსანიშავია, რომ კინტრიშის ხიდის გარდა, ქობულეთიდან ბათიმამდე სხვა ე.წ. გზა არ არსებობს.

„ჯი-ეიჩ-ენ-ის" ინფრომაციით, პემიერი ივანიშვილი ამჟამად ურეკის რეზიდენციაში იმყოფება.