ნუგზარ წიკლაური - მედვედევის განცხადებებმა დაადასტურა, რომ საკითხი მხოლოდ ლიდერებს შორის პერსონალურ უთანხმოებას არ შეეხება

ნუგზარ წიკლაური - მედვედევის განცხადებებმა დაადასტურა, რომ საკითხი მხოლოდ ლიდერებს შორის პერსონალურ უთანხმოებას არ შეეხება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ქართულ მედიასთან დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური პრობლემებია და საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს შორის პერსონალურ უთანხმოებას არ შეეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, მედვედევმა "სრულიად დაამსხვრია ის ილუზია", რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში არსებობდა.
"ადრე გაჟღერებულ მესიჯებს დიდი სახეცვლილება არ განუცდია. მედვედევმა დღესაც საქართველოში რუსული ჯარების ინტერვენციის, ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის გამართლება სცადა და ეს იყო ყველაზე დიდი ცინიზმით აღსავსე კომენტარები, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. მან თქვა, რომ არსებობდა დეკლარირებული გეგმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები განესაზღვრა, ამასთან მედვედევმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად დაასახელა ახალი რეალობების აღიარება, რაც საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია და მას ჰქონდა მცდელობა რუსული აგრესია გამოეცხადებინა ქართულ-ოსურ ეთნიკურ კონფლიქტად. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მუქარა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყველაფერ აქედან გამომდინარე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ილუზია, რომელსაც ამკვიდრებდა ივანიშვილის ხელისუფლება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური პრობლემა კი არ არსებობდა, არამედ ლიდერებს შორის პერსონალური პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ ეს შეიცვლებოდა მოხდებოდა რუსეთის პოზიციის ტრანსფორმირება, დღეს სრულიად დამსხვრეულია და არ მჯერა, რომელიმე ჭკუათმყოფელმა პოლიტიკოსმა კიდევ დაიჯეროს ამ ილუზიების", - განაცხადა წიკლაურმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამოცანები უცვლელი უნდა იყოს.