გიორგი ვოლსკი - მედვედევის განცხადებებში სენტიმენტალურ გრძნობებს არ უნდა ავყვეთ

გიორგი ვოლსკი - მედვედევის განცხადებებში სენტიმენტალურ გრძნობებს არ უნდა ავყვეთ

ჩვენ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები გვაქვს, ამიტომ მედვედევის განცხადებებში სენტიმენტალურ გრძნობებს არ უნდა ავყვეთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ მედვედევის მიერ გაჟღერებული მხოლოდ პოზიტიური მესიჯები უნდა მიიღოს.

"რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს და რაც არ უნდა სენტიმენტალურად მოგვეჩვენოს, მედვედევი ლაპარაკობს მისი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ამიტომ სენტიმენტალურ გრძნობებს არ უნდა ავყვეთ, უნდა გვქონდეს სწორი პოზიცია – მედვედევის განცხადებებიდან ამოვიღოთ მხოლოდ პოზიტიური, იქ კი, სადაც ვხედავთ, რომ გარკვეული მახეა ჩადებული, თუნდაც იმ მხრივ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა მათზე სპეკულირება მოახდინონ, გვერდზე უნდა გადავდოთ და სახელმწიფოებრივად მივუდგეთ. მესიჯები, რომელიც მედვედევმა გააჟღერა უნდა ავიღოთ, დავგეგმოთ, განვახორციელოთ, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ემოციური განცხადებების პრაქტიკას, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.