ევრაზიის კავშირის შექმნა ვლადიმერ პუტინის იდეა არ არის

ევრაზიის კავშირის შექმნა ვლადიმერ პუტინის იდეა არ არის

ევრაზიის კავშირის შექმნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეა არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. 

მისი თქმით, ევრაზიის კავშირის შექმნის იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა.

"რუსეთის ყველა პრეზიდენტი აკეთებდა ამ განცხადებას. ამის შესახებ განცხადება მეც გავაკეთე, ელცინმაც გააკეთა განცხადება, ასე რომ, ამ იდეას ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელი და ეს არა იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის დომინირების იდეის ხელშემწყობი ინსტრუმენტი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი თანაცხოვრების მეთოდი ყველაზე ცივილიზებულად, ყველაზე თანამედროვედ მიგვაჩნია", - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, ეს იდეა მოიცავს ინტეგრაციის აუცილებლობას. თანაც თანაბარუფლებიანი, თანამედროვე ინტეგრაციის, ეკონომიკური პოტენციალების დაახლოებას, ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთსასარგებლო ფორმების გამოყენებას, ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.

"ამ იდეამ ახლა დაიწყო რეალიზება. შეგახსენებთ, რომ როდესაც მე ვმუშაობდი პრეზიდენტად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის შეთანხმებას საბაჟო კავშირის თაობაზე – ეს ხელმოწერა რამდენიმე წლის წინ იყო, დღეს ეს იდეა აგრძელებს განვითარებას. ჩვენ მაშინ შევთანხმდით, მოლაპარაკებაში კი ვმონაწილეობდით თქვენი მონამორჩილი, ნაზარბაევი და ლუკაშენკო, სამი ქვეყნის პრეზიდენტი, შევთანხმდით საბაჟო კავშირის შექმნაზე და იმაზე, რომ გვემოქმედა ე. წ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის მიმართულებით. ჩვენ ახლა ამ გზაზე ვიმყოფებით და ვთვლით, რომ ეს ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციის კარგი საშუალებაა", – აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

მისივე განმარტებით, თუ რატომ უნდა იყოს ეს საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის? იმიტომ რომ საქართველო და რუსეთი მეზობელი ქვეყნები არიან.
"ჩვენ არასდროს ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების მეზობლები, რაც არ უნდა მოხდეს. შეიძლება ვიყოთ პარტნიორები და საჭიროც კია, რომ ვიყოთ პარტნიორები, მაგრამ მეზობლები არასდროს ვიქნებით. უმაღლესი ხარისხის ეკონომიკური ინტეგრაცია კი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები მეზობლად ცხოვრობენ," - აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

მისივე განმარტებით, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა ევროკავშირში, იქ კარგად ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემებია, რომელთაც მდგრადობის კარგი მარაგი აქვთ, რომელთაც აქვთ საერთო ვალუტა, რომელთაც აქვთ საერთო ბაზარი, რომლებსაც აქვთ საერთო ფასეულობები.

"ეს საერთო ჯამში კარგია და ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ მათგან. რა თქმა უნდა, კორექტირება დასჭირდება, იმაზე უარის თქმა, რაც არ მუშაობს, მაგრამ ჯამში ეს კარგი მაგალითია. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი შევქმნათ ჩვენთან. თანაც საუბარი არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ვის სჭირდება ეს – საბჭოთა კავშირის აღდგენა? ჩვენ ყველა იქიდან ვართ და ამაში არანაირი აზრი არ არის – ჩვენ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შევქმნათ მაღალინტეგრირებული ეკონომიკები, სადაც არ იქნებიან უფროსები და უმცროსები, სადაც დაცული იქნება ყველა უფლებები და სადაც მაქსიმალურად მომგებიანად იქნება რეალიზებული ჩვენი ეკონომიკური ინტერესები", – აღნიშნა მედვედევმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეის განხორციელება აბსოლუტურად რეალისტურია.

"თუ თქვენი არხის მაყურებლისთვის ეს საინტერესო იქნება, ჩვენთან საქონელბრუნვა 40-50%-ით გაიზარდა. ახლა საერთოდ ერთგვარი ნახევრად კრიზისული სიტუაციაა, ამიტომ ყველაფერი, ცხადია, შენელებულია, მაგრამ როგორც კი ჩვენ ეს შევქმენით, საქონელბრუნვა ყაზახეთთანაც და ბელარუსთანაც გაიზარდა, ზოგ პოზიციაზე რამდენჯერმეც კი, ჯამში კი 40-50%-ით. ამან ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებითი სიმყარე მისცა. ეს კარგია", – აცხადებს მედვედევი.