ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ

ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ

რუსეთმა საქართველოდან პოზიტიური სიგნალები გაიგონა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ინტერვიუს დროს განაცხადა. 

"ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ყველაფერს, რაც ხდება, მითუმეტეს ჩვენთვის ისეთ ახლობელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა – ყველა იმ მძიმე პირობის გათვალისწინებითაც კი, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ ყველაფერი გვესმის და მზად ვართ, ეს ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შექმნილი რეალობების გათვალისწინებით",-განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადაში. მე მგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც კი ხელს არ უნდა უშლიდეს ოლიმპიურ სულს, სპორტულ შეჯიბრებებს. როგორც ცნობილია, ძველ საბერძნეთში სპორტული ასპარეზობები ომებს აბრკოლებდა და ქვეყანაში ვითარების გართულებას ხელს უშლიდა, ამიტომ კარგია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩემი აზრით, დეპოლიტიზირებული და სწორი გადაწყვეტილება",-აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, სავიზო რეჟიმის გამარტივების, ჰუმანიტარული და სავაჭრო საკითხები.

"ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის და, ბუნებრივია, ჩვენებურად ვაფასებთ კიდეც, ვიღებთ გადაწყვეტილებებს",-განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.