დიმიტრი მედვედევი:   ჩვენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას არ მივესალმებით

დიმიტრი მედვედევი: ჩვენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას არ მივესალმებით

ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას არ მივესალმებით, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. 

დიმიტრი მედვედევის განმარტებით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება არჩევანი, ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასარგებლოდ გააკეთოს, თუმცა, რუსეთს, როგორც დიდი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანას ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ აღიქვამს რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას საფრთხედ, მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის წევრები არიან, მედვედევი პასუხობს, რომ რუსეთს არც ეს მოსწონს, თუმცა ისინი "სტაბილური მეზობლები" არიან.

"მე მსურს, ჩვენც გვქონდეს სტაბილური, კეთილი ურთიერთობები, ნორმალური მეზობლები ვიყოთ, მით უმეტეს რომ ჩვენ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი და ძალიან მეგობრული ისტორიაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ საკითხი ადამიანებს შორის ურთიერთობას არ ეხება, არამედ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები კი ამჟამად სხვა პრინციპებზეა აგებული. თუ საქართველო, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა – არა აქვს მნიშვნელობა, უკრაინა, ან სხვა რომელიმე – გახდება სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ ამ ფაქტის იგნორირება არ შეგვიძლია. ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ ამით თითქმის არაფერი შეგემატებათ, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია. სხვათა შორის, ეს მაგალითი აჩვენებს, რომ არ გამართლდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა იმაზე, რომ მსგავს სიტუაციებში ნატო არ მისცემდა ჩარევის საშუალებას, ან კიდევ რაღაც მოხდებოდა. ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული ფასეულობები. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეემატება საქართველოს, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად ქვეყანას, ამავე დროს კი ჩვენ ქვეყნებს შორის შექმნის მრავალწლიანი დაძაბულობის წყაროს", - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთს და ნატო-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვთ, მაგრამ შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ "სამხედრო ძალები მაინც გარკვეულ მხარეს არის მიმართული".

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა რუსეთმა საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას ხელი შეუშალოს, რუსეთის პრემიერმა უპასუხა, რომ ხელშეშლა მხოლოდ ნატო-ს შეუძლია.

"რუსეთი არ არის ნატო-ს წევრი, ჩვენ იქ ხმა არ გაგვაჩნია, ჩვენ იქ არ გვისმენენ, ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ერთმანეთს. მე მივიღე მონაწილეობა ნატო-რუსეთის სესიაში. შეიძლება კარგი საუბარი გაიმართოს. თუმცა, ჩვენ ახლა ნატო-სთან ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგალითად, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ვახდენთ. ამიტომ ეს იქნება თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომპეტენციაში. თუმცა, ვთვლი, რომ ამაზე უნდა იფიქრონ საქართველოს მოქალაქეებმაც და თქვენმა ხელმძღვანელობამაც – ზოგადად, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა, გარკვეულ სიტუაციაში "ფატალური როლი" შეასრულა.

"ამგვარმა განცხადებებმა ფატალური როლი შეასრულა ზოგიერთი სუმბურული გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც დანაშაულებრივ ავანტიურაში გადაიზარდა. ასეთი განცხადებები რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა, ბატონ სააკაშვილსაც ჰყოფნოდა გონიერება და 2008 წელს ტანკებითა და სარაკეტო დანადგარებით კი არ წასულიყო ცხინვალის მიმართულებით, არამედ მოსკოვში ჩამოსულიყო მოლაპარაკებაზე, რაზეც ჩვენ მანამდე შევთანხმდით", - აღნიშნა მედვედევმა.