სააკაშვილს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება შევთავაზე, საპასუხოდ კი ცხინვალში

სააკაშვილს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება შევთავაზე, საპასუხოდ კი ცხინვალში "სამხედრო შეჭრა" მივიღე

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესთავაზა, რის საპასუხოდაც სამი თვის თავზე ცხინვალში "სამხედრო შეჭრა და ადამიანთა მკვლელობები მიიღო".

ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"ჩვენ არასდროს გვქონია საომარი გეგმები, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა. პირიქით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა ეს კონფლიქტი, ჩვენ გვესმოდა, რომ პოტენციურად ეს შესაძლებელი იყო. და მაინც, სხვადასხვა სიტუაციებში დასმულ კითხვებზე მე არაერთხელ მიპასუხია: იმის მიუხედავადაც კი, რომ ჩვენ გვქონდა ასეთი ეჭვები, ყველაფერი, რაც მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, იყო ანომალია, ძალიან უხეში შეცდომა, რომელიც სამხედრო დანაშაულში გადაიზარდა. სამწუხაროდ, ბატონმა სააკაშვილმა, როცა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რა მდგომარეობაში, ეს უკვე აღარ ვიცი, უბრალოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც პრაქტიკულად აღარ დარჩა შესაძლებლობა, რომ შეეკოწიწებინა საკუთარი ქვეყანა. რადგან ჩვენ ამაზე დაწვრილებით ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ გავიხსენო, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც ეს ამბავიც მოვყევი, ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან. ეს დანამდვილებით ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, პირველი კონტაქტი. მე მას სიტყვა სიტყვით ვუთხარი: პირადად მე, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, რომელსაც არ მაქვს ურთიერთობების არანაირი ტვირთი, პერსონალური შეფასებები, რაიმე ისეთი ემოციები, რომლებიც ადამიანებს შორის ყოველთვის წარმოიქმნება, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ შევეცადოთ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზებით. მე ვთვლიდი, რომ ამის შესაძლებლობა ჯერ არ იყო დაკარგული, იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია იყო ურთულესი. ამაზე მე მივიღე პასუხი: დიახ, მეც მზად ვარ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზებით, მე თქვენი დიდი იმედი მაქვს და გამაჩნია უდიდესი სურვილი ამის მიღწევის. და რა მივიღე სამი თვის პრეზიდენტობის შემდეგ? სამხედრო შეჭრა, ადამიანთა მკვლელობები", - აცხადებს დიმიტრი მედვედევი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი არსებობდა იქამდე, ვიდრე ქვემეხებს არ გაისვრიდნენ და სარაკეტო დანადგარების გაშვება დაიწყებოდა.

"ეს ახალი რეალობები, სამწუხაროდ, უკვე წინასწარ განზრახული იყო – არ მინდა მკვეთრი გამოთქმები ვიხმარო, თუმცა ასე ვიტყვი: მეტად გაუთლელი პოლიტიკით, რომელიც ტარდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს რომ გარკვეულ სიტუაციაში ისეთი პირობები შეეთავაზებინა, რომლებიც მისაღები იქნებოდა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულებისთვის, რომლებიც იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ საბოლოოდ არ იყვნენ მოწყვეტილი, მაშინ, შესაძლოა, ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო. მაშინ იქ არ იქნებოდნენ კოლექტიური ძალები, იქ არ იქნებოდა სამშვიდობო კონტინგენტი, ჩვენ არ მოგვიწევდა მხარეთა გაშველება და დამშვიდება, საერთოდ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. პრობლემის ფესვები ხომ 90-იან წლებშია. ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ ეს მდგომარეობა მემკვიდრეობით მივიღეთ და ის ჩვენ არ შეგვიქმნია. საჭირო იყო სწორი სახელმწიფო პოლიტიკა წარემართათ 90-იან წლებში. ეს, სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა, სხვა ადგილებშიც, მაგრამ ამის გამო პრობლემა, რა თქმა უნდა, ნაკლებად რთული და ნაკლებად მწარე არ ხდება. ამიტომ იმის თქმა, რომ ამ პრობლემის შექმნა რუსეთის ფედერაციის ჩარევამ განაპირობა, დიდი უსამართლობა იქნება, რადგან ეს შიდა კონფლიქტი ჩვენ არ შეგვიქმნია და არც, გულახდილად ვთქვათ, ასეთი უნიჭო მეთოდით არ ვცდილობდით მის დარეგულირებას. აღარაფერს ვამბობ 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე, რასაც, სამწუხაროდ, არ შემიძლია სხვა სახელი ვუწოდო, თუ არა სამხედრო დანაშაული.

მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემა, ეს არის ურთიერთობის პრობლემა საქართველოსა და თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ახლობელ ხალხებს – ოსებს, აფხაზებს შორის. ეს სწორედ ასეთი პრობლემაა, კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არ არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პრობლემა, ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მის გადაწყვეტას საქართველოს სხვადასხვა მმართველები (არ მინდა ცალკე არც ერთის დასახელება) ან უვარგისი მეთოდებით, ან უგუნურად, ან დანაშაულებრივად ცდილობდნენ. და ეს, სამწუხაროდ, ძლიერ დასანანია.

რაც შეეხება იმას, არსებობდა თუ არა სხვა შანსი რუსეთის მხრიდან? - შანსი ყოველთვის არის მანამ, სანამ არ გაისვრიან ქვემეხებს და სარაკეტო დანადგარების გაშვება დაიწყება. ამ მომენტამდე სრულიად ნორმალური შანსი იყო. მე ვუთხარი: ჩამოდით, ჩვენ ერთმანეთს ასტანაში შევხვდით, დავილაპარაკოთ. არანაირი გამოხმაურება, არანაირი სატელეფონო ზარი, 8 აგვისტოს კი ეს ყველაფერი დაიწყო. კიდევ ვიმეორებ, პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების შანსი იყო მანამდე, სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანება გაიცემოდა", - განმარტავს მედვედევი.

ამასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რუსი სამშვიდობოების დაცხრილვაშიც ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის მიღებამ შეძრა.

"რეალური მიზეზი ის არის, რაც მე თქვენ გითხარით – საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ცხინვალში და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დახოცვა. მხოლოდ ეს. სხვა დანარჩენი შეიძლება იყოს შედეგი, შეიძლება რაღაც პროექცია იყოს, მაგრამ უშუალო მიზეზი თავდაცვა იყო. და მე ამაში დღემდე მყარად ვარ დარწმუნებული. რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა და არ დახოცილიყვნენ სამშვიდობოები და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იმ მომენტში ცხოვრობდნენ ან იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდებოდა. ეს სრულიად ნათელია. იმის კვალობაზეც კი, რომ იქ იყო დაძაბულობა, იყო რაღაც გამოხდომები, იყო პერიოდული, შესაძლოა, კონფლიქტებიც, ჩვენ მაინც ვახერხებდით დაშოშმინებას და, საერთო ჯამში, ნორმალურ ურთიერთობებს. იცით, რამ შემძრა მაშინ, რადგან ამაზე ვსაუბრობთ? სამწუხაროდ, მომახსენეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ფორმირებები, რომლებიც სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში შედიოდნენ, ფაქტობრივად, რუსი სამშვიდობოების დაცხრილვაში მონაწილეობდნენ. ეს უკვე ყველა საზღვარს სცილდება! ეს, სამწუხაროდ, არა უბრალოდ დანაშაულია, ეს ყველა საერთაშორისო ნორმის ცინიკურად ფეხქვეშ გათელვაა! სწორედ ეს იყო პირდაპირი და მთავარი საბაბი", - აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი.