საბავშვო ბაღებში სწავლების უფასო სისტემის ამოქმედებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა

საბავშვო ბაღებში სწავლების უფასო სისტემის ამოქმედებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა

საბავშვო ბაღებში სწავლების უფასო სისტემის ამოქმედებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა და იქვე განმარტა, ამ მიზნით თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება. 

"ბიუჯეტში მოხდება ცვლილება და 13 მილიონი ლარი დაემატება თბილისის საბავშვო ბაღებს, რომ მათ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლონ. ამ თანხიდან 8 მილიონი არის საჭირო იმისთვის, რომ კვლავ უფასო ნაწილი შეივსოს, 5 მილიონი კი არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება - შეიცვლება კარ-ფანჯრები და მოწესრიგდება გათბობის და წყლის სისტემა", - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ის ხელისუფლებას 25 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის წინადადებითაც მიმართავს და კაპიტალური ხარჯების განაწილებას თხოვს.

"პარლამენტი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა კანონი შუა საბიუჯეტო წელს მიიღო და თან მაშინ, როცა ცენტრალური ბიუჯეტი საბავშვო ბაღებში უფასო სისტემის ამოქმედებისთვის "კაპიკს" არ იძლევა. როცა საბიუჯეტო ცვლილებები შუა წელს ხდება ხოლმე, ცენტრალური ბიუჯეტი ვალდებულია ის შეავსოს. ამასთან, ვთავაზობ ხელისუფლებას, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ავაშენოთ 25 ახალი საბავშვო ბაღი. ამისთვის დაახლოებით 55 მილიონი ლარია საჭირო. ცენტრალური მთავრობისადმი ჩემი წინადადებაა თანამშრომლობის და პასუხისმგებლობის გაზიარება _ გავინაწილოთ ტვირთი კაპიტალურ ხარჯებში, ერთობლივად ავაშენოთ 25 ახალი ბაღი, ხოლო მისი მოვლა-პატრონობა და შენახვა მუნიციპალიტეტის ხარჯზე იქნება", - განმარტა თბილისის მერმა.