დიმიტრი მედვედევი:  იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია მედვედევი-სარკოზის გეგმიდან

დიმიტრი მედვედევი: იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია მედვედევი-სარკოზის გეგმიდან

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რა ვითარებაც არის დღეს, ეს პრობლემაა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მედვედევი ამით გადაცემის წამყვანის, ნინო შუბლაძის კითხვას გამოეხმაურა, იქცა თუ არა რუსეთისთვის პრობლემად ის, რომ დღემდე საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის რუსეთი, დასავლეთის, საერთაშორისო საზოგადოების აზრით, რუსეთის ჯარები - საოკუპაციო არმიაა. რუსეთს ასევე ადანაშაულებენ ეთნიკური წმენდის ჩატარებაში, იმაში, რომ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას.

მედევედევის განცხადებით, ეს, საერთოდ პრობლემაა და არ იქნებოდა სამართლიანი, სხვანაირად რომ ეთქვა.

"მაგრამ, მთავარი ხომ ის არის, რა კვალიფიკაციას მივცემთ ამ ქმედებებს: შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს – ისეთიც, როგორიც თქვენ ახლახანს თქვით, თუმცა ისეთიც, როგორი კვალიფიკაციაც ჩვენ მივეცით და რომელსაც, სხვათა შორის, შემდგომ დაეთანხმა მთელი რიგი სხვა სახელმწიფოებისა. ჩვენ დავეყრდენით და ვეყრდნობით იმას, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, მოახდინა თავდაცვის უფლების რეალიზება, მას შემდეგ, რაც სამხედრო დარტყმები განხორციელდა ჩვენს სამშვიდობო ფორმირებებზე, დაიღუპა ხალხი და ამას ახლა, კომისიების მუშაობის შემდეგ, უკვე ყველა აღიარებს. ეს ერთი, და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და იმ მომენტში იმყოფებოდენ ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე დაზარალდნენ და დაიღუპნენ ",-განაცხადა მედვედევმა.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მისი თქმით, მას ხელი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად მოეწერა და მას "ამა თუ იმ ფორმით დაეთანხმა საქართველოს ხელმძღვანელობა".

"მისი ნამდვილი შინაარსი ვიცით მხოლოდ ჩვენ, და არა მათ, ვინც შემდგომ განმარტებებს აკეთებდა ამ დოკუმენტზე. ამიტომ, რუსეთის მხრის პოზიციაა: ჩვენი განზრახვების შინაარსი სრულიად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია ე. წ. მედვედევი-სარკოზის გეგმიდან. ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარები და შევეცადეთ დაგვეწყნარებინა ეს სიტუაცია. იქ ცოტა სხვაგვარადაა ნათქვამი, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და, ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შესრულებულია.

რაც შეეხება სხვა ტერიტორიული წარმონაქმნების ტერიტორიებს, ეს უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხია. ჩვენთვის ისინი ამჟამად საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან, და იქ ჩვენი ჯარების ყოფნა ეყრდნობა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. იქ ჩვენი სამხედრო ფორმირებები საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე იმყოფებიან",-განაცხადა მედვედევმა.