დიმიტრი მედვედევი:  2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე

დიმიტრი მედვედევი: 2008 წელს სწორი გადაწყვეტილებები მივიღე

დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ 2008 წელს მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ანალოგიური სიტუაციის შემთხვევაში დღესაც ასევე მოიქცეოდა. 

დიმიტრი მედვედევი 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს დრამატულს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მოვლენებზე მისი შეფასება არ შეცვლილა.

"მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით, ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მოვლენების ყველა შემდგომი განვითარებაც წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით – მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტით. ამიტომ, თუ მეკითხებით იმის შესახებ, ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში, ჩემი პასუხია - დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა, როგორც პრეზიდენტს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. რაც შეეხება მომდევნო გადაწყვეტილებებს, როგორც მე წარმომიდგენია, მოვლენათა მთელი ჯაჭვი – მთელი ისტორია, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა", - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, არსებობდა იმის საფრთხე, რომ შეტაკებები, საბრძოლო ოპერაციები და ადამიანების დაღუპვა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო.

"მიმაჩნია, რომ რა ზომებიც მივიღეთ – მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და, საერთოდ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე, – საშუალება მოგვცა, სიტუაცია დაგვემშვიდებინა. დიახ, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილებები, მაგრამ, ჩემი პასუხია, რომ ამ მხრივ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული", - აღნიშნა მედვედევმა.