გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას კორექტულობის

გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას კორექტულობის "ჩარჩოში დარჩენას" ურჩევს

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და დედაქალაქის მერს კორექტულობის "ჩარჩოში დარჩენას" ურჩევს. 

"ძალიან არ მინდოდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და კინკლაობის საგანი. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული და ამ გადაწყვეტილებაზე მუშაობს არა ცალკე აღებული კვირიკაშვილი, არამედ საპარტნიორო ფონდიც ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ხოლო ცალკე აღებულ უგულავას მინდა ვურჩიო, რომ დარჩეს იმ ჩარჩოებში, რასაც კორექტულობა ჰქვია", - აცხადებს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტის გასაგრძელებლად "რაიმე ხელმოსაჭიდი" იპოვონ.

"პირველ რიგში უნდა შედარდეს თბილისში 73 ჰა ტერიტორიის გამოთავისუფლების ეკონომიკური ეფექტი იმ ფისკალურ ზარალთან, რომელსაც ეს პროექტი გულისხმობს რკინიგზისთვის ყოველწლიურად დაკარგული 10 მილიონი ლარის სახით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ სერიოზული, არგუმენტირებული რაიმე ხელმოსაჭიდი, რომელიც პროექტის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს", – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.