საია და

საია და "სამართლიანი არჩევნები" ბათუმის საქალაქო სასამართლოს საარჩევნო დავის კანონით დადგენილ ვადებში განხილვისკენ მოუწოდებენ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნები" ბათუმის საქალაქო სასამართლოს საარჩევნო დავის კანონით დადგენილ ვადებში განხილვისკენ მოუწოდებენ.

როგორც საია-ს თავმჯდომარე, კახა კოჟორიძემ და "სამართლიანი არჩვენების" იურისტმა, ნინო რიჟამაძემ ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადეს, მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლის თანახმადაც, ისინი მოითხოვდნენ, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვა შეჩერდეს.

კოჟორიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას არა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროებულ ვადებში, არამედ დავის განხილვის ზოგადი წესის გამოყენებით გეგმავს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, ზიანს აყენებს როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს.

"მიუხედავად საარჩევნო დავებზე კანონით განსაზღვრული შემჭიდროებული ვადებისა, ბათუმის საქალაქო სასამართლო სარჩელს არ იხილავს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო აპირებს აღნიშნული სარჩელის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ორთვიანი ვადის გამოყენებას", - აცხადებს კოჟორიძე.

მისივე თქმით, საია-ს იურისტი მოსამართლის თანამშემწეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლე ერთი თვით შვებულებაში გადის და დავის განხილვა სექტემბერში დაიწყება.

"ამასთან, თუ სასამართლო გამოიყენებს საქმის განხილვის საპროცესო კანონდებლობით დადგენილ ვადას, მას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ წინამდებარე დავის განხილვის ვადა ხუთ თვემდე გაზარდოს", – აღნიშნავს კოჟორიძე.

ნინო რიჟამაძის განცხადებით კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუყონებლივ უნდა განიხილოს სარჩელი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს.