ქართველი და რუსი მეცნიერები შავი ჭირის ენდემური ჯიშების პროექტზე იმუშავებენ

ქართველი და რუსი მეცნიერები შავი ჭირის ენდემური ჯიშების პროექტზე იმუშავებენ

ქართველი და რუსი მეცნიერები მღრღნელებში შავი ჭირის ენდემური ჯიშების პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ლუგარის სხელობის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში საუბრისას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პროექტს ხელი მალე მოეწერება, რომელიც სამწლიანია და ორი ქვეყნის მეცნიერები ერთად იმუშავებენ.

როგორც ცნობილია, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ქართველი და რუსი რეპორტიორები იმყოფებოდნენ. აღნიშნული ლაბორატორიის დათვალიერების მოწვევა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმ გენადი ონიშენკოს ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე გაუგზავნა.

"მე ახლოს ვიცნობ გენადი ონიშენკოს. ჩვენ ერთ პერიოდში ვიყავით ჯანდაცვის მინისტრები. ის რუსეთში და მე- საქართველოში. მე ბევრჯერ შევხვედრივარ მას. ის არის ძალიან მაღალ პოლიტიკურ იერარქიაზე მყოფი ადამიანი, ის ამავე დროს მეცნიერია და მე შევუთვალე, რომ ბატონო გენადი, ჩამობრძანდით საქართველოში, ვნახოთ და ერთად დავათვალიეროთ ეს ლაბორატორია, გავეცნოთ მუშაობას და ნახავთ, რომ აქ რაიმე საიდუმლო არ კეთდება. აქ კეთდება მეცნიერება. მეცნიერებას კი არ აქვს საზღვრები. ჩვენ დაწყებული გავქვს საერთო პროექტი რუსებთან ერთად. რუსეთის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტთან, რომელიც არის ბატონი ონიშენკოს სამსახურის დაქვემდებარების ქვეშ, სამწლიანი ხელშეკრულება ფორმდება საერთო სამეცნიერო პროექტის შესახებ, რომელიც მიეძღვნება შავი ჭირის ენდემურ ჯიშებს, შტამებს მღრღნელებში. ამიტომ, აქ ამ მხრივ არანაირი საიდუმლო არ არის. ეს არ არის საიდუმლო ობიექტი. ეს არის მაღალი დონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიამაყოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.