ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ექსტრადირების კუთხით არანაირი წინსვლა არ არის

ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ექსტრადირების კუთხით არანაირი წინსვლა არ არის

მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ექსტრადირების კუთხით არანაირი წინსვლა და პროგრესი არ არის , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ქართულ და მალაიზიურ მხარეებს შორის ექსტრადირების თაობაზე არანაირი სახის კონსულტაცია ან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. 

"თავის დროზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ ადამიანებისთვის აგვერიდებინა სიკვდილით დასჯა. ამას მივაღწიეთ და მათ მიიღეს მინიმალური სასჯელები. შემდეგ უკვე ჩვენ ვცდილობდით, რომ მათი საქართველოში გადმოყვანის პროცედურები დაგვეძრა და ამ მხრივ, რაიმე პროგრესისთვის მიგვეღწია. თუმცა, ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი წინსვლა არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მალაიზიურ მხარესთან არ გვაქვს არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მსგავს საკითხს დაარეგულირებდა", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მალაიზიაში რაიმე სახის ვიზიტი არ იგეგმება.

"ამ ეტაპზე საჭიროებაც არ არსებობს და აზრიც არ აქვს მალაიზიაში ვიზიტს. ვიზიტი ვიზიტისთვის დარჩება და სხვა- არაფერი. ვიზიტი არაფრის მომცემი იქნება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, გორდაძესა და კოხტაშვილს პატიმრობის ვადა 2016 წელს ეწურებათ და ისინი სხვადასხვა კუნძულზე, სხვადასხვა საპატიმროებში არიან მოთავსებულნი.

რაც შეეხება დაკავებულებთან კომუნიკაციას, როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეს ორჯერ მოხდა.

"მათთან კომუნიკაცია ოჯახის მომართვის შემდეგ ხდება. ორჯერ მოგვმართა ოჯახმა და ორჯერვე ვუზრუნველყავით ოჯახის წევრებსა და დაკავებულებს შორის კომუნიკაცია. მომართვა ახლაც არის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათთან დაკავშირება დღესვე ან ხვალვე მოხდება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა იქიდან გამომდინარე, რომ მალაიზიურ მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს", - აცხადებენ საგარო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კოხტაშვილისა და გორდაძის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

"მათ რომ ამ მიმართულებით უჭირდეთ, ისინი ოჯახის წევრებთან ლაპარაკისას აუცილებლად იტყოდნენ და შესაბამისად ჩვენც გვეცოდინებოდა", - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

მალაიზიის სასამართლომ დარეჯან კოხტაშვილს 6 წლით, ბაბუცა გორდაძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან მათ 3 წელი უკვე მოხდილი აქვთ. ისინი 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რომელიც მალაიზიის კანონმდებლობით, სიკვდილით ისჯება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სასჯელის შემსუბუქების საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს პროკურატურა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.