გია გაჩეჩილაძე პარტიების დაფინანსების წესს ისევ აპროტესტებს

გია გაჩეჩილაძე პარტიების დაფინანსების წესს ისევ აპროტესტებს

უმრავლესობის წევრის, "მწვანეთა პარტიის" ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებით, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტს დაფინანსების წესის დახვეწასთან საერთო არაფერი აქვს.

გაჩეჩილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პროექტის წარმომდგენს ზაქარია ქუცნაშვილის მოსთხოვა განუმარტოს, თუკი ის პარლამენტში საკუთარ პარტიას არ წარმოადგენს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რატომ არის პარლამენტში.

"არ მინდა იმგვარად გაიგოთ, თითქოს რამე გვაქვს თქვენს საწინააღმდეგოდ. სერიოზულად იმუშავეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ, მაგრამ მაქვს ორი სერიოზული კითხვა. იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროქტით პრინციპი, ფორმულა და სხვა სამართლებრივი საკითხები არ იცვლება და იცვლება მხოლოდ ის, რომ გარკვეულ კატეგორიას - 14 პარტიას დაფინანსება ემატება და ამასთან ერთად, რამდენიმე პარტიას ბონუსად დახმარება ეძლევა, რომ არ გარდაიცვალონ, ეს გადაწყვეტილება არის თუ არა პოლიტიკური? თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არავითარი საერთო მას დაფინანსების წესის დახვეწასთან არ აქვს, მაშინ არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება ისიც, რომ ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, რომელმაც არჩევნებში მონაწილება არ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნებისთვის" ბრძოლაში ხელი არ შეეშალა, ისინი არ იღებენ დაფინანსებას? ჩვენ ორი პარტია აქ წარმოდგენილი ვართ ჩვენი პარტიის სახელით და ის არგუმენტი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ არის სწორი. მაშინ სადა ვართ ახლა და როგორ ვართ პარლამენტში წარმოდგენილი, თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია?" - მიმართა გაჩეჩილაძემ ზაქარია ქუცნაშვილს.

ცნობისთვის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში ბარიერი შემცირებულია.

თავის მხრივ, საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" ექვმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფუძნა. კოალიციის ფარგლებში პარლამენტში გავიდნენ თავად გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანი, თუმცა მათი პარტიები - "მწვანეთა პარტია" და "სოციალ-დემოკრატიული პარტია" ბლოკის დამფუძნებლები არ არიან და შესაბამისად, არც საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნით.