მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგს მრუშობას და საეკლესიო ქონების გაფლანგვას აბრალებს

მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგს მრუშობას და საეკლესიო ქონების გაფლანგვას აბრალებს

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის წარმომადგენლები სასულიერო პირებს უპირისპირდებიან და ერთ-ერთ მამაოს ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მრევლის წარმომადგენელმა, თეოლოგმა მიხეილ შველიძემ განაცხადა, მრევლი მეუფე ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებად მრუშობას, წმინდათა გმობასა და საეკლესიო ქონების მითვისება-გაფლანგვას უყენებს.

მისი თქმით, მრუშობა ამ ადამიანთან დიდი დასამტკიცებელი არ არის, რადგან 1982 წელს ის ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს ის ეპისკოპოსად ეკურთხა და სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა, 1992 წელს კი ის მთავარ ეპისკოპოსად დაინიშნა, 1994 წელს კი მას მეორე შვილი ეყოლა.

შველიძის ინფორმაციით, ის წმინდა ილია მართალზე ამბობს, რომ წმინდანი არ არის, წმინდა მამა გაბრიელს კი მამათმავალსა და ლოთს უწოდებს, რისი დოკუმენტაციაც არსებობს და ამის დამტკიცება შესაძლებელია.

როგორც თეოლოგმა აღნიშნა, არის პრეცენდენტი, რომ აღსარების გათქმის შანტაჟით დაინგრა ოჯახი, კერძოდ, ერთ-ერთ ქალთან ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ურთიერთობა დაიკავა.

"ერთ-ერთი თითით საჩვენებელი და ღირსეული ოჯახი დაინგრა. ოჯახი დაანგრია ერთ-ერთმა სასულიერო პირმა. გოგონა პირდაპირ ჩაიგორა ლოგინში. ასეთი ფაქტები და აღსარებებით შანტაჟი ხშირია. პირადად მე 50 კაცის თანდასწრებით წამომაძახა ჩემი აღსარება. არის სულ ოთხი სასულიერო პირი, რომლებიც მრევლს აშინებენ და აზომბირებენ აღსარების გათქმის შანტაჟით. ყველა თავის ეპარქიაში უნდა გამოვიდეს და ამ ადამიანების მიმართ პროტესტი გამოხატოს. თვითონ როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი, ასეთივე სასულიერო პირებს ამრავლებს, კერძოდ, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ცელეპატობის ინსტიტუტს აღორძინებს", - აღნიშნა შველიძემ.

მისივე თქმით, საეკლესიო ქონება მიწასთან არის გასწორებული და ამის დოკუმენტაცია და ფაქტები საპატრიარქოს უკვე გადაეცა.

მრევლის კიდევ ერთი წარმომადგენლის, თეოლოგის, კონსტანტინე ქათამაძის თქმით კი, ტაძრები მრევლისგან ცარიელდება, მოძღვრები დღისით, მზისით მრევლის აღსარებებზე ხუმრობენ.

"უნახავმა რა ნახაო, ამათზეა ნათქვამი. თავში აქვთ ავარდნილი, დადიან ამაყად, რჯულის კანონს არაფრად აგდებენ. თავად დაირქვეს და მოსახლეობაც მათ "21-ე საუკუნის ყანდურებს" უწოდებს. მამა გაბრიელისა და წმინდა ილია მართლის შეურაცხყოფისთვის "სასულიერო პირი" საკვირაო წირვისთვის სამების ტაძარში არ დაშვებული უნდა იქნეს", - აღნიშნა კონსტანტინე ქათამაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ წმინდა სინოდი ამ საკითხთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამავდროულად კი, მისი თქმით, იურისტები მტკიცებულებებს აგროვებენ.

"თუ პროცესები კვლავ ხელშეშლილი იქნება, უწმინდესის სარეაბილიტაციო კურსის დასრულებისა და მისი საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ მოვუწოდებთ, მარგვეთისა და სხვა ეპარქიების მრევლს, მობრძანდნენ საპატრიარქოსთან, ლოცვით, გალობით და მუხლმოდრეკით მოვუწოდოთ ჩვენს მწყემსმთავარს, მოგვისმინოს და სიმართლემ იზეიმოს", - დასძინა მან.