იპოთეკართა თემა პარლამენტმა სექტემბრისთვის გადადო

იპოთეკართა თემა პარლამენტმა სექტემბრისთვის გადადო

იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებისა და აღსრულების საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პარლამენტმა სექტემბრისთვის გადადო. 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, "საკითხი იმაზე უფრო კომპლექსური და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს კონკრეტული მოქალაქეების პრობლემაა".

"კანონპროექტზე, რომელიც "სააღსრულებო წარმოებათა" შესახებ კანონში ცვლილებებს, ანუ იპოთეკართა თემას შეეხება, მუშაობა გრძელება. მთავრობის, პარლამენტის წევრები ამ თემაზე მუშაობას ინტენსიურად აგრძელებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, საკითხი იმაზე უფრო კომპლექსური და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს კონკრეტული მოქალაქეების პრობლემაა. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროში, მთავრობის სხვა უწყებებში. პროცესში ჩართული არიან პარლამენტის წევრები. როგორც ჩანს, სექტემბრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შემუშავდება, რომელიც ამ ტიპის საკითხებს დაარეგულირებს, რათა სამომავლოდ ასეთი მძიმე ვითარებები ნაკლებად შეიქმნას. ამასთანავე, სრულად ცალსახად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით არ უნდა შევქმნათ ახალი პრობლემები - ერთი ტიპის პრობლემის მოგვარების მცდელობისას, არ უნდა შევქმნათ დამატებითი პრობლემები ჩვენივე მოქალაქეებისთვის, უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება, უნდა გავუფრთხილდეთ საბანკო სისტემის მდგრადობას, პროგნოზირებადობას, ეკონომიკურ წინსვლას. ბევრი ასეთი თემებია, ამიტომ ამ საკითხებს, როგორც ჩანს, სექტემბერში მოვუბრუნდებით", - განაცხადა უსუფაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე.

როგორც ცნობილია, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში დაგეგმილი იყო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებზე, აღსრულების პროცესი ექვი თვით – 1 თებერვლამდე ჩერდებოდა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო, თუმცა ერთის მხრივ მთავრობის და ასევე საბანკო სექტორის კრიტიკული პოზიციის გამო, განხილვის პროცესი შეჩერდა.