თბილისის მერია საბავშვო ბაღებში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს

თბილისის მერია საბავშვო ბაღებში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს

თბილისის მერია ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და ქალაქში არსებულ საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში დაგეგმილი პროექტები და სიახლეები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ 16-ე ბაღში შეკრებილ დირექტორებსა და პედაგოგებს გააცნო. აღნიშნული ბაღი წლების განმავლობაში საქართელოს რკინიგზის დაქვემდებარებაში იყო და ამჟამად მისი თბილისის მერიისთვის გადმოცემის პროცესი მიმდინარეობს. შენობა გარემონტდება, საჭირო ინვენტარით აღიჭურვება და ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

საბავშვო ბაღებში პროექტების განხორციელებისათვის კი დედაქალაქის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 8 მლნ. ლარი სასწავლო ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ. ლარი შენობების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

როგორ მერიაში აღნიშნავენ, მომავალი სასწავლო წლისთვის სახელმწიფო ბაგა-ბაღებში სწავლების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქალაქში არსებული რესურსი სრულად ვერ აკმაკოფილებს მსურველთა რაოდენობას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, თბილისის მერია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, ახალი პროექტის განახორციელებას გეგმავს, რომელიც უახლოეს 3 წელიწადში ქალაქში 25 საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში არსებული ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით 200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ყოფილი საუწყებო ბაღების გადმოცემის პროცესი, რომლებიც ამჟამად არ ფუნქციონირებენ და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებენ. თითოეული მათგანი თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით კეთილმოეწყობა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება", -აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება თბილისის მერიის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საბავშვო ბაღებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, თანამედროვე ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს.