სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 117-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ ავთანდილ კახნიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე "საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" და არაკონსტიტუციურად ცნო "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 117-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. სასამართლო დავა შეეხებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ განსხვავებულ სანქციებს. 

უცვლელად გთავაზობთ სასამართლოს გადაწყვეტილებას:

"სადავო ნორმის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ სადავო ნორმის მიზნებისთვის, უცხოელი და საქართველოს მოქალაქე არსებითად თანასწორები არიან. ვინაიდან, სადავო ნორმით, ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის, უცხოელსა და საქართველოს მოქალაქეს განსხვავებული სანქცია ეკისრებათ, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნის საფუძველზე.

სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არის თვითმიზნური, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი. მოცემულ საქმეზე, სასამართლო არ წყვეტს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით უფრო ადეკვატური სანქციაა თუ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ერთი და იმავე ქმედებისათვის განსხვავებული სანქციის კონსტიტუციურობის საკითხი. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, მართვის უფლების ჩამორთმევას უფრო მძიმე სანქციად მიიჩნევს, ვიდრე ფულად ჯარიმას. შესაბამისად, სადავო ნორმით საქართველოს მოქალაქეს ეკისრება უფრო მკაცრი სანქცია, ვიდრე - უცხოელს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთება იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მიმართ განსხვავებული სანქციის დაწესება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმაში არსებული დიფერენცირებული მიდგომის არსი და დანიშნულება, მის მიერ მოყვანილი არგუმენტები საფუძველს იყო მოკლებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს ობიექტური საფუძვლები, რომლებიც სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გაამართლებდა", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.