ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი "ბიუჯეტის პარაზიტი პარტიების" წახალისების საფრთხეს ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების მიმართულებით უნდა განისაზღროს წესი და ფორმულა, რაც ბიუჯეტის პარაზიტი პარტიების არსებობას გამორიცხავს.

აღნიშნული განცხადება ქუცნაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იხილავენ.

ქუცნაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაფინანსების წესი და ფორმულა დახვეწას მოითხოვს და აღნიშნულ საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე დაუბრუნდებიან. დეპუტატის თქმით, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების პრინციპი უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის ჩვენება.

"არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის ჩვენება უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების განმსაზღვრელი. როგორც გაიზომება ეს, შეთანხმების საგანია. სხვა შემთხვევაში წავახალისებთ პარაზიტულ პარტიულ ფუნქციონირებას, როცა პარტიები ბიუჯეტის პარაზიტებად იქცევიან. პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს" - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა ამ კონტექსტში განმარტა, რომ სადღეისოდ არსებულ დაფინანსების მიმღებ - 14 კვალიფიციური სუბიექტს შორის არიან პარტიები, რომელსაც საზოგადოება საერთოდ არ იცნობს და არაფერს აკეთებს, თუმცა მისივე თქმით, არიან პარტიები, რომელთა აქტიობა ბევრად მეტია, მაგრამ დაფინანსების მიმღებთა შორის ვერ ხვდებიან.

რაც შეეხება საკუთრივ პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, პარტიათა საბიუჯეტი დაფინანსების გაზრდის თაობაზე შემუშავებული ინიციატივა ჯამში 18 პარტიის ბიუჯეტზე აისახება.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბაზისო დაფინანსების არსებული ოდენობა ორმაგდება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ" მოქმედი კანონით საბაზისო დაფინანსება წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით კი, ის 300 ათას ლარამდე იზრდება. ეს ზრდა 14 ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტს შეეხება.

წელიწადში 300-300 ათასი ლარი ემატება პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. პროექტის თანახმად, პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების გაანგარიშების ფორმულაში პირდაპირ განისაზღვრება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოში იყო რეგისტრირებული და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. ფრაქციის შექმნისთვის მისაღების დაფინანსება კი საბაზისო დაფინანსების ტოლია, ანუ ისიც 300 ათასს ლარს შეადგენს. დამატებით 300 ათასის მიმღები შვიდი პარტია: - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება იქნება. დაფინანსების ამ პრინციპის შემოღებით, მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს ლახავს, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. მომზადებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის თავად ბარიერი მცირდება, ხოლო საბაზისო დაფინანსების ოდენობა აქაც ორმაგდება და ჯამში 600 000 ლარი ხდება.

რაც შეეხება არასაპარლამენტო პარტიებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით 150-150 ათასი ლარის გამოყოფის საკითხს, ამ მიმართულებით ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შედის, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად პარტიების საბაზისო დაფინანსების ნახევარი უნდა მიეცეს, ანუ საუბარია 150 ათასს ლარზე. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარედგინოს. თუკი პარტია აღნიშნულ ვადაში თანხმობას არ წარადგენს, დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს.

კანონპროექტში ჩადებული ფორმულირების გათვალისწინებით, ერთჯერად 150-150 ათასს ლარს მიიღებს: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამში მათთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერადი საბაზისო დაფინანსების სახით განსაზღვრულ 150-150 ათასს ლარს, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.

პროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. შენიშვნები, რომელიც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა კანონპროექტის განხილვისას გამოთქვა, დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ნორმების ტექნიკურ დახვეწაში და კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერების გაკეთებაში მდგომარეობდა.