კობა დავითაშვილი მთავრობას დესტრუქციულ ოპოციზიას ადარებს

კობა დავითაშვილი მთავრობას დესტრუქციულ ოპოციზიას ადარებს

დეპუტატ კობა დავითაშვილის შეფასებით, მთავრობა დესტრუქციულ ოპოზიციას ჰგავს, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აკრიტიკებს, მაგრამ სანაცვლოს არაფერს სთავაზობს.
ასეთი პოზიცია მთავრობასთან მიმართებაში, დავითაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას დააფიქსირა.

დავითაშვილის შეთავაზება გულისხმობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაზღვევის ფონდის დაარსებას, რომელიც არამომგებიანი იქნება, რომლის დაფინანსება ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1/3-ით, საბიუჯეტო დოტაციით, შემოწირულობებით განისაზღვრება. საკანონდმებლო პაკეტის ერთ-ერთი სიახლეა ისიც, რომ მაგალითად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრის არჩევა არჩევნებს ებმევა და პაციენტები მათ საკრებულოს არჩევნების დროს აირჩევენ.
როგორც დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საყოველთაო დაზღვევის უზრუნველყოფა არამომგებიანი ფონდით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ასახულია მთავრობის პროგრამაშიც.

ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, პროექტს მხარს არ უჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, შენიშვნები აქვს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. ინიციტივას მხარს არ უჭერს მთავრობა, რომელმაც პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა.

"საერთოდ ეს კანონი მე არ უნდა შემომქონდეს. ეს უნდა შემოჰქონდეს მთავრობას, რადგან სწორედ მას ჰქონდა გაცხადებული, რომ 1 ივლიდან საყოველთაო დაზღვევა უნდა ამოქმედებულიყო. 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევა არ დაწყებულა. დაიწყო შემავსებელი პროგრამა, რომ თუ ვინმე, სადმე დაზღვეული არ არის, მთლად უპატრონოდ არ იყოს. ეს კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა არ არის. საყოველთაო დაზღვევა არის აი ეს მოდელი, რაც იყო საარჩევნო პროგრამაში და არის მთავრობის პროგრამაში. თუკი მთავრობას წარმოდგენილი მოდელი არ მოსწონს, მიკვირს რატომ არა აქვს მას ალტერნატიული პროექტი და რატომ ჰგავს მთავრობის დასკვნა დესტრუქციული ოპოზიციის დასკვნას, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აკრიტიკებს, მაგრამ სანაცვლოს არაფერს სთავაზობს. როდესაც პარლამენტის წევრის შემოტანილი წინადადება არ მოგწონს და აკრიტიკებ, როცა ხარ მთავრობა, შენ შენი ალტერნატივა ხომ უნდა გქონდეს? შენ რომ დაპირება გაქვს შესასრულებელი, საყოველთაო ჯანდაცვა გაქვს ასამოქმედებელი, დავითაშვილის პროექტი თუ არ მოგწონს, შენი რა არის? და შენი თუ არ გაქვს, მაშინ რა ჰგავს ეს პოზიცია?" - განაცხადა დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია, კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო თანხები რაც შეიძლება მალე ჩამოერთვას და მან საყოვეთაო დაზღვევის ფონდში გადაინაცვლოს".
"მსოფლიოს არც ერთ ქვეყნაში მომგებიან სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ფულს არ აძლევენ და უყურებენ, რომ ფულს იჯიბავს და აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს", - აღნიშნა დავითაშვილმა.