რუსული სააგენტოები დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შესახებ წერენ

რუსული სააგენტოები დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შესახებ წერენ

რუსული საინფორმაციო სააგენტოები დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შესახებ წერენ, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა.
"რია ნოვოსტი" რუსეთის პრემიერის ინტერვიუდან ამონარიდებსაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არის დიმიტრი მედვედევის პირველი ვრცელი ინტერვიუ ფართო ქართული ტელეაუდიტორიისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.

"რუსეთს თბილისიდან ესმის პოზიტიური სიგნალები, რომლებიც მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ", - აცხადებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესმის თუ არა მოსკოვს პოზიტიური სიგნალები თბილისიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მედვედევმა უპასუხა – "რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერი გვესმის და მინდა, ეს ესმოდეს ყველას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებს".

ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტი ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა მისი შეფასებით, ნორმალიზაციის შესაძლებლობა არსებობს.

"ეს პრობლემაა როგორც რუსეთის, ისე საქართველოსთვის. იცით რა?! შანსი ყოველთვის არსებობს", - აღნიშნავს დიმიტრი მედვედევი.