სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა 8 აგვისტოსთვის გადაიდო

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა 8 აგვისტოსთვის გადაიდო

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოსთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომა დღეს ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ორი ბრალდებულისთვის პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხზე ვერ იშუამდგომლა, რადგან პროცესუალურად ამ ეტაპზე სასამართლოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე კი მტკიცებულების დასაშვებობის შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესებზე მიიღებს, რომელიც 8 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.

დაცვის მხარემ ასევე დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოღებული იყოს, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვა.

ბრალდების მხარეს დღეს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა ორი ბრალდებულისთვის - ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსრიშვილი, გირაოს შეფარდების საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდებულების მიმართ, თუმცა დღეს შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან თავდაპირველად უნდა დასრულდეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა.

მისივე თქმით, გამოძიება დასრულებულია. მოპოვებულია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას ამ ეტაპზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულების დაპატიმრება არ უნდა იქნეს გამოყენებული.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალეულობას. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა.

დღევანდელ საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომას ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიებაში შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.