რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა

რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა

ბათუმში რუსული პოპ-ჯგუფის "სერებროს" კონცერტის დროს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მეტრში მკვლელობა მოხდა. 43 წლის მამაკაცმა 22 წლის კოკა კეკელია დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მუცლის არეში დაჭრილი კეკელია სასწრაფო სამედიცინო-ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამიდას ბინაში მიასვენეს. კოკა კეკელია ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი იყო, მშობლები წლების წინ უცხოეთში სამუშაოდ წავიდნენ, კოკა კი ბებიასთან იზრდებოდა.

როგორც ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ "ამბები.გე"-სთან საუბრისას განმარტა, ერთი კვირის წინ ბათუმში ჩამოსულ ტურისტ გოგონასგან კოკამ ფული ისესხა. გუშინ, გვიან ღამით კი პიაცასთან გოგოსთვის ფულის დასაბრუნებლად მივიდა. მეზობლის განმარტებით, გოგონა კონცერტს ესწრებოდა, საიდანაც მამაკაცთან ერთად გამოვიდა. კოკას და მამაკაცს კი ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კონცერტი ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე სამართალდამცველები ტერიტორიის პერიმეტრს ყოველთვის აკონტროლებენ, ხშირ შემთხვევაში კი კონცერტის ტერიტორიის მომიჯნავე ქუჩები სრულად გადაკეტილია. მკვლელობის ადგილთან ახლოს რომ რამდენიმე ათეული სამართალდამცველი იმყოფებოდა, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ადასტურებს.

police.ge-ზე გამოქვეყნებულ ოპერატიულ მასალაში ის ამბობს, რომ "მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბათუმში მოძრავ ყველა საპატრულო ეკიპაჟს სავარაუდო მკვლელის შესახებ აღწერილობა გადაეცა". პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა და მკვლელი 10 წუთში დააკავეს: "ეკიპაჟის დანახვაზე პიროვნებამ გაქცევა სცადა. შევაჩერეთ, ტანსაცმელზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა, ჯიბეში კი სისხლიანი დანა ჰქონდა", - აღნიშნა პატრულ ინსპექტორმა ცირა გვიანიძემ.

პიაცასთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მკვლელობამდე ხმაურის, ჩხუბის ხმა გაიგეს. "ხმაური რომ გავიგე და გამოვედი, ჩემს მეზობლებს მანქანაში სვამდნენ და დასაკითხად მიყავდათ", - აღნიშნა თვითმხილველმა.

გასულ წლებთან შედარებით, ბათუმში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა გაზრდილია. მიუხედავად ამისა, საკურორტო სეზონზე, ბათუმში კრიმინალის შემთხვევები, აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, 9%-ით არის გაზრდილი.