რუსთავში მოქმედი თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს

რუსთავში მოქმედი თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს

რუსთავის რაიონული პროკურატურისა და შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები დააკავეს. ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით ქალაქ რუსთავში ეუფლბოდნენ დროებით უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბინებს და ასხვისებდნენ მათ. აღნიშნული ქმედებით ისინი ბინების კანონიერ მესაკუთრეებს ათობით ათასი ლარით აზარალებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2012 წლის დეკემბერიდან 2013 წლის ივნისამდე თაღლითური გზით დაეუფლნენ სამი მოქალაქის ბინას, რომლებსაც 40.000, 41.250 და 57.750 ლარის ზიანი მიაყენეს. ისინი ასევე ცდილობდნენ დროებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მოქალაქის ბინის დაუფლებას, რითაც ბინის მეპატრონეს 48.000 ლარის ზიანი მიადგებოდა.

ციალა ჯანყარაშვილი, თამაზ ლაცაბიძე, თამარ ლომიძე და ივანე ნაცვლიშვილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,ზემოქმედებას ახდენდნენ მოქალაქეებზე რათა მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცათ.

2013 წლის 3 აგვისტოს, ოთხივე დაკავებულს თაღლითობისთვის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის და მოწმეთა მოსყიდვისთვის წარედგინათ ბრალი, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილ სხვა მსგავს ფაქტებთან და მათ სხვა თანამონაწილეებთან დაკავშირებით გამოძიება ფლობს ინფორმაციას, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.