რუსეთში მოკლეს მღვდელი, რომელიც

რუსეთში მოკლეს მღვდელი, რომელიც "Pussy Riot"-ის გასამართლებას ეწინააღმდეგებოდა

5 აგვისტოს, რუსეთის ერთ–ერთ ქალაქ ფსკოვში მოკლეს ცნობილი რუსი მართლმადიდებელი სასულიერო პირი პაველ ადელგეიმი. "ინტერფაქსის" ცნობით, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი 27 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ადელგეიმის ცხედარი სამართალდამცავებმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, საკუთარ სახლში, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძართან ახლოს აღმოაჩინეს. სასულიერო პირს ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა ამჟამად რთულია, რის გამოც ის გადაყვანილია საავადმყოფოში. თვითმხილველების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირთან ორი დღის წინ მივიდა, გაეცნო, ორშაბათს კი დაბრუნდა და მოკლა, მკვლელობის დროს კი ყვიროდა, რომ ის სატანის დავალებით მოქმედებდა.

პაველ ადელგეიმი, რომელიც 75 წლის იყო, დედის დაპატიმრების შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდეგ ყაზახეთში დასახლდა დედასთან. 1956 წელს მან კიევის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, საიდანაც 2 წლის შემდეგ გარიცხეს. დაბროკლებების მიუხედავად, ადელგეიმი სასულიერო პირი გახდა. ის ყოველთვის აკრიტიკებდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას ჩადენილი ქმედებებისთვის.

მისი ერთ–ერთი ბოლო ხმაურიანი პროტესტი და კრიტიკა ეხებოდა პანკ ჯგუფ "Pussy Riot"–ის წევრთა დაპატიმრებას მოსკოვის საკათედრო ტაძარში აღვლენილი პანკ ლოცვის გამო. სასულიერო პირი ეწინააღმდეგებოდა ჯგუფის წევრების დასჯას და ამას ხმამაღლა აცხადებდა.