პროკურატურა ლევან კორტავას გარდაცვალების საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ლევან კორტავას გარდაცვალების საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ლევან კორტავას გარდაცვალების საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე, სად-ის #14-ე დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სად-ის რუსთავის N6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის N მე-14 დაწესებულებაში. დაახლოებით 20:00 საათზე, დაწესებულების მეექვსე კორპუსში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად "ბულდოგას". ლევან კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი გადაიზარდა კონფლიქტსა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში, რომლის მიმდინარეობისას ლევან კორტავამ ძალადობის საპასუხოდ, ხელი დაარტყა შოთა სინაურიძეს.

მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა უსაფრთხოების ინსპექტორ - ილია შანშაშვილისათვის, რომელმაც უგულვებელყო მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა - უზრუნველეყო მსჯავრდებულთა უსაფრთხოება, გამოევლინა და აღკვეთა დანაშაული.

ილია შანშაშვილის ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა შოთა სინაურიძემ და ამავე დაწესებულებაში მცხოვრებმა ასევე მსჯავრდებულმა გიორგი შემაზაშვილმა (მეტსახელად "გორსკი") ლევან კორტავა ძალის გამოყენებით წაიყვანეს მეექვსე კორპუსის მესამე სართულზე მდებარე N338-ე საკანში, სადაც სხვა მსჯავრდებულებთან - სოლომონ დაშნიანთან, გელა უშხვანთან (მეტსახელად "გალსკი") და თეიმურაზ გურეშიძესთან (მეტსახელად "რუბენიჩი") ერთად ლევან კორტავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულთა მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ლევან კორტავას საკანში შეყვანის შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი ილია შანშაშვილისათვის, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის აღკვეთა და მზადების სტადიაში მისი აცილება, თუმცა ამისმიუხედავად არაფერი იღონა კონფლიქტის აღსაკვეთად და მისი უმოქმედობით მოძალადე პირებს საშუალება მისცა გასწორებოდნენ ლევან კორტავას. N338 საკანში ძალადობის შედეგად ლევან კორტავას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ცემის დასრულების შემდეგ კი მას მიეცა საკნის დატოვების საშუალება.
რამოდენიმე წუთში ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მეექვსე კორპუსის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელად "რიჟა"), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით - მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე.
განხორციელებული ძალადობის შედეგად ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.

ილია შანშაშვილის უმოქმედობით ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულის შემდეგ, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე კორპუსში ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მცდარ კვალზე დაყენებისა და ამგვარად, როგორც თავისთვის, ასევე დანაშაულის ჩამდენ პირთათვის მოსალოდნელი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით, ილია შანშაშვილმა დაწესებულის რამდენიმე თანამშრომელთან შეთანხმებით ჩაიდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია. კერძოდ, 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 01:30 საათისათვის, მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამგვარად, საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ილია შანშაშვილმა მტკიცებულების ფალსიფიკაციის გზით მცდარ კვალზე დააყენა გამოძიება.

2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

2013 წლის 02 აგვისტოს სამსახურებრივი გულგრილობის (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული),სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის (საქართველოს სსკ-ის 24,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის (საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) ჩადენისათვის დაკავებული იქნა სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი.

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი გულგრილობის - ჩადენისათვის ბრალდება წარედგინებათ სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის- ჩადენისათვის სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას.

დღესვე ასევე დაკავებულ იქნა ზემოაღნიშნული ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც ზემოაღწერილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2013 წლის 7 ივნისს სასჯელის მოხდის გამო გათავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან. მას ბრალად წარედგინება სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ცამეტ წლამდე ითვალისწინებს.

იგივე ბრალდება წარედგინებათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.