ბოლო წვეთი იყო უმრავლესობის გზავნილი, რომ თურმე ახალაიას გამართლება უნდა გამოვაცხადოთ დემოკრატიის ზეიმად

ბოლო წვეთი იყო უმრავლესობის გზავნილი, რომ თურმე ახალაიას გამართლება უნდა გამოვაცხადოთ დემოკრატიის ზეიმად

გუშინ მივიღე გზავნილი, სადაც შემოთავაზებული იყო ოფიციალურ პოზიციად, რომ თურმე ბაჩო ახალაიას გამართლება ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ დემოკრატიის ზეიმად და იმის დასტურად, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით, არასასურველი კომენტარებისგან თავშეკავების მოწოდებით გზავნილი მიიღო. როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, იგი თანაგუნდელებთან პირისპირ ურთიერთობას არასდროს მორიდებია, თუმცა გუშინ მიიღო გზავნილი, რომელსაც ელექტრონული ფოსტითვე უპასუხა.

"პოლიტიკურ ძალაში აზრების ურთიერთგაზიარება და საერთო მესიჯის, გზავნილის შემუშავება ხდება ელექტრონული საშუალებებით. ყოველთვის არ არის შეკრების საშუალება. გუშინ მივიღე გზავნილი, სადაც შემოთავაზებული იყო ოფიციალურ პოზიციად (შემდეგ ეს გაჟღერდა და არაერთმა ჩემმა კოლეგამ, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დააფიქსირა), რომ თურმე ბაჩო ახალაიას გამართლება ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ დემოკრატიის ზეიმად და იმის დასტურად, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალია. სწორედ ამ გზავნილის, ამ მესიჯის საპასუხოდ დავწერე და გავუგზავნე ჩემს კოლეგებს, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ. მეტიც, იმ გზავნილში ეწერა, რომ აუცილებელია არასასურველი კომენტარებისგან თავი შევიკავოთ და თუ ჩვენ გავაკრიტიკებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს აღქმული იქნება როგორც სასამართლოზე ზეწოლა. მაშინ მივხვდი, იმისათვის, რომ კრიტიკის უფლება დავიტოვო, ხელისუფლებას აღარ უნდა წარმოვადგენდე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ცინიზმის განსახიერება, აბუჩად და მასხრად აგდება იმ გარდაცვლილი ადამიანებისა, გირგვლიანის, რობაქიძის, ენუქიძის, ვაზაგაშვილის, უამრავი გამწარებული, მასხრად აგდებული, აბუჩად აგდებული, გაუპატიურებული, მოკლული ადამიანისა და ეს ყველაფერი თვალში ნაცრის შემოყრა იყო. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამის შეფასება, როგორც დემოკრატიის ზეიმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დასტურისა, იყო ბოლო წვეთი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.