ანდრეს ჰერკელი:  სტალინის ძეგლის აღმართვა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება

ანდრეს ჰერკელი: სტალინის ძეგლის აღმართვა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება

საქართველოში საბჭოთა დიქტატორის სტალინის ძეგლის აღმართვა უარყოფითად აისახება საქართველო-ესტონეთის ურთიერთობაზე. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პარლამენტის წევრმა, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეს ჰერკელმა გააკეთა. 

"საქართველოს დასავლელი მოკავშირეები ამას ვერ გაიგებენ და უარყოფითი გავლენა ექნება ესტონეთის საქართველოსთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი ლიდერები ირწმუნებიან, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებელია, ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ნაბიჯი სხვა ნაბიჯებთან ერთად შემცირებს ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ენთუზიაზმს", - განაცხადა ჰერკელმა ესტონურ საინფორმაციო სააგენტო BNS-თან საუბრისას.

ანდრეს ჰერკელი ასევე აცხადებს, რომ მას არ სჯერა საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებისა, რომელიც აცხადებს, რომ გორში სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ ბრძანება არ გაუცია. ჰერკელის თქმით, ასეთი დონის გადაწყვეტილებები ცენტრალური მთავრობის დამტკიცების გარეშე არ მიიღება.

"ეს არადამაჯერებელია, რადგან საქართველოში ვერც ერთი თვითმმართველობა ვერ გადადგამს ნაბიჯს ისე, რომ ეს ცენტრალური მთავრობის მიერ არ იქნას მოწონებული. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელობის საკითხებში", - განაცხადა ჰერკელმა.

ესტონელი პარლამენტარის აზრით, ეს ნაბიჯი ასევე აღძრავს ეჭვს მიხეილ სააკაშვილის ოპონენტთა განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის და რომ ისინი მხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ასეთი განცხადებები არადამაჯერებელია, როცა იმავდროულად ხდება იმ ადამიანის ძეგლის აღდგენა, ვინც მე-20 საუკუნეში ძალაუფლებას ყველაზე ბოროტად იყენებდა, დიქტატორის, რომელმაც ტანჯვა მოუტანა სხვადასხვა ერს და მილიონობით ადამიანი დახოცა", - აღნიშნა ჰერკელმა.