ნინო ბურჯანაძე ზაზა ხატიაშვილის მიწვევით, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე ზაზა ხატიაშვილის მიწვევით, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიწვევით, ასოციაციის წევრ ადვოკატებს შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი ხედვები წარმოადგინა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის კუთხით მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ადვოკატებთან შეხვედრა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადვოკატებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როდესაც საერთაშორისო ადვოკატთა ორგანიზაციამ ადვოკატთა საქმიანობა საქართველოში რისკ-ფაქტორად შეაფასა. იმ პერიოდში, უკანონოდ დაკავებული ადამიანებისათვის ერთადერთი შველა იყო ადვოკატებთან საუბარი, მათთან ურთიერთობა და ხშირ შემთხვევებში ადვოკატები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ისინი ლამის ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ასრულებდნენ ხოლმე. შეზღუდული იყო ადვოკატთა უფლებები, მაგრამ ადვოკატები ბრძოლას აგრძელებდნენ. საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ 157 ადვოკატი იყო დაკავებული და დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისათვის, რომ ადვოკატთა უფლებები აღარ შეილახოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.