"პრეზიდენტს ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტს ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს".

ამის შესახებ სიგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე ვარ უფლებამოსილი განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი "მიხეილ მიუნჰაუზენი" მატყუარაა. მას შეცდომაში შეჰყავს საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც ის ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდა. მხედველობაში მაქვს, მისი განცხადებები ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე და განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე. დავიწყებ იმით, რომ მიმდინარე წელს, ივლისში, საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებელმა კი ივლისში 609 ათას 189 საერთაშორისო მოგზაური შეადგინა. 2013 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2 797 910 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. განსაკუთრებული ზრდა არის პოლონეთიდან და უკრაინიდან, რაც განაპირობა დამატებითი ავიარეისების დანიშვნამ", - განაცხადა სიგუამ.

მისივე თქმით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების რაოდენობა გაიზრდება.

"რაც შეეხება "მიხეილ მიუნჰაუზენისა" და მისი დამქაშების განცხადებას, რომ თითქოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ 10 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ფუნქციონირება დაიწყო და რომელიც "მიხეილ მიუნჰაუზენმა" დაუმთავრებელი გახსნა, ამ დაუმთავრებელ პირობებში მოხერხდა ის, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის განმავლობაში 71%-ით გაიზარდა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 22 საერთაშორისო რეისი სრულდება, რომელსაც 5 ავიაკომპანია ახორციელებს. ეს მიმართულებებია: კიევი, დონეცკი, ხარკოვი, კატოვიცა, ვარშავა, მოსკოვი, მინსკი და ისრაელი, ხოლო რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: "აირზენა", "ვიზეარი", "ურალი", "ბელავია" და "სიბირი". პირველი ოქტომბრიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება და ასევე პერმანენტულად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, რათა მათ შეასრულონ ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მას შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია. დასაქმებულთა რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა 50%-ით", - განაცხადა სიგუამ,

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, "სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, რათა რეისებმა ტოკიოს, ლონდონის, სტოკჰოლმის და ბევრი სხვა საერთაშორისო მიმართულებით იარსებოს".

"ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც "ვიზეართან", ასევე "ფლაი ჯორჯიასთან" და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან. ასე, რომ ის თითქმოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს რაიმე უჭირს, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ვერ იყენებს საკუთარ დატვირთვას, ეს არის მოკლეფეხიანი ტყუილი", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.