საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"ჩვენი სურვილია, რომ არჩევნებამდე მოხდეს ცვლილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ამოქმედდება არასწორი ცვლილებები და მერე მოგვიწევს მისი შეცვლა", - განმარტა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ცვლილებებს მხარს 100-ზე მეტი დეპუტატი დაუჭერს.
"ესაა კონსტიტუციური ცვლილებები, რომელზეც მცირე გამონაკლისის გარდა არ არსებობს საწინააღმდეგო აზრი. მაგალითად, პრეზიდენტს თუ შეეკვეცა არასწორი უფლებამოსილება, რატომ არ უნდა შეეკვეცოს ის პრემიერ-მინისტრს? რა მოტივით არ უნდა აუწიო ხელი ამას? ამიტომ აქ არის ყველასთვის მისაღები საკითხები. ველით, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერს 100-ზე მეტი წევრი, იმაზე მეტი, ვიდრე კოალიციაშია და იმაზე მეტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" გარეთაა. ინაუგურაციის დღეს ჩვენ უნდა შევხვდეთ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტით და გასწორებული კონსტიტუციით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.