ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები "საქსტატის" მონაცემებზე განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები "საქსტატის" მონაცემებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი, საბოლოო არ არის და ის კიდევ ორჯერ დაზუსტდება.

"ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური არამედ პოზიტიურია. ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ 1.8%-ით გაიზარდა. 2013 წლის პირველ შვიდ თვეში გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები არათუ ნაკლებია, არამედ, აღემატება 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (2013 წლის იანვარ-ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 785 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება; სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა კი, შეადგინა 3 558 მლნ ლარი რაც 28 მლნ ლრით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს). გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლები აღემატება ხარჯებს და ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ აქვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება შეუფერხებლად შეასრულებს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას როგორც სოციალური, ასევე ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კვირიკაშვილისა და ხადურის უწყებების ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა ამჟამად სტრუქტურული გაჯანსაღების პროცესშია.

"წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს უხეში ინტერვენციით, გაუმართლებელი ხარჯებით, ხელოვნურად მიიღწეოდა ეკონომიკური ზრდის მოკლევადიანი შედეგები, რომელიც არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების "მითითებით" ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა. მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად "ნაციონალური" მთავრობის "კრეატიული" გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ინფორმაციით, კომპანიების გარკვეული ნაწილი "კორუფციული გარიგებების" შედეგად ახერხებდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებას ან ტენდერის გარეშე "რამდენიმე ასეული მილიონი ლარის" დაკვეთის მიღებას.

"აღნიშნული კორუფციული გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი და მიმდინარეობს ძიება, ხოლო დაწყებული პროექტების გაგრძელებისთვის საჭირო გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით ახალი ტენდერების გამოცხადება, რამაც ზოგიერთი პროექტის განხორციელება დროში გააჭიანურა. ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ეკონომიკური გადაწყვეტილებების არაეფექტურობა უკვე შარშან ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ზრდის ტემპებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო. იმის გამო, რომ ბიზნესმა რეალურად იგრძნო თავისუფლება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გააგრძელა ბიზნესზე ძალადობა, მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის "ნაციონალური შოკიდან" და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე", - განმარტავენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში.

"საქსტატის" მონაცემებით, 2013 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა -0,8 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" 31 ივლისს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.