დავით საგანელიძე:  დავითაშვილმა პოპულისტური განწყობა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე გუნდის პრინციპები

დავით საგანელიძე: დავითაშვილმა პოპულისტური განწყობა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე გუნდის პრინციპები

კობა დავითაშვილმა მისი პირადი პოპულისტური განწყობა და მისი პირადი ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე გუნდის პრინციპები , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

საგანელიძის თქმით, მისთვის და მისი გუნდის წევრებისთვის კობა დავითაშვილის მხრიდან უმრავლესობის დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა.

"პოლიტიკაში არსებობს ორი პრინციპი – გუნდური ბრძოლა და პირადი პოლიტიკური პოპულიზმი. "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყოველთვის აღწევს კონსესუსს და ერთიანი გუნდი იბრძვის იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც კოალიციამ არჩევნების წინ მოსახლეობას განუცხადა. ეს რთულია, მითუმეტეს, იმ კოჰაბიტაციურ პირობებში, რაშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა და ასეთ სირთულეს ბევრი პოლიტიკოსი ვერ უძლებს. კობა დავითაშვილმა ჩათვალა, რომ მისი პირადი პოპულისტური განწყობა და მისი პირადი ინტერესები პოლიტიკაში უფრო მაღლა დგას, ვიდრე გუნდის პრინციპები. კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა და ალბათ, ერთი კვირის წინ რომ ეკითხათ, თუ ვის შეიძლებოდა დაეტოვებინა პირველი უმრავლესობა, გეტყოდით აუცილებლად კობა დავითაშვილს", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, კობა დავითაშვილმა არ გამოიჩინა პოლიტიკური ზნეობა და ეთიკა, რადგან მის თანაგუნდელებს გადაწყვეტილება არ გააცნო.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ტელეეკრანით შევიტყვე ეს ინფორმაცია. ელემენტარული პოლიტიკური ეთიკა და ზნეობა ამბობს, რომ ასეთი თემები ყოველთვის უნდა იყოს გუნდში გარჩეული. მისი ეს ნაბიჯი ჩემთვის და კოალიციის ბევრი წევრისთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელი კობა დავითაშვილის ბიოგრაფიიდან გამომდინარე", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისი თქმით, კობა დავითაშვილს ყოველთვის ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული მოსაზრებები.

"კობა დავითაშვილს ხშირად შემოჰქონდა კანონპროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან და პოლიტიკურ გუნდთან. ეს კანონპროექტები შემდეგ ან ვარდებოდა, ან მათი უკან გატანა ხდებოდა. ეს კანონპროექტები მიმართული იყო არა ქვეყნის წინსვლისკენ, არამედ პატარა ჯგუფებისგან ქულების დაწერისთვის", - განაცხადა საგანელიძემ.

ამასთან, როგორც საგანელიძე აცხადებს, ის არ ვარაუდობს, რომ გუნდიდან უმრავლესობიდან სხვა წევრებიც წავლენ.

რაც შეეხება კობა დავითაშვილის საპრეზიდენტო შანსებს გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, როგორც საგანელიძე აცხადებს, "დღეს ბრიფინგი სახუმაროდ არ დანიშნულა".