"ნაციონალური მოძრაობა" მერების, დეპუტატებისა და პრემიერის კანდიდატურებს არჩევნების შედეგად წარადგენს

"ნაციონალური მოძრაობა" მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებს არჩევნების შედეგად წარადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი , რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, წევრებსა და მხარდამჭერებს სპეციალური განცხადებით მიმართა.

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადგას კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში და შეიქმნას ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივ კი - ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გახდეს კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს, ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ "ნაციონალურ მოძრაობად" უნდა გადაიქცეს.

"ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოვიღოთ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდა პარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ასე მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელებისას", - მიაჩნია პრეზიდენტს.