თენგიზ გუნავას ინფორმაციით, მის წინააღმდეგ პროკურატურასა და შსს-ში ახალი საქმე მზადდება

თენგიზ გუნავას ინფორმაციით, მის წინააღმდეგ პროკურატურასა და შსს-ში ახალი საქმე მზადდება

სამეგრელოს გუბერნატორის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, მის წინააღმდეგ პროკურატურასა და შს სამინისტროში ახალი საქმე მზადდება.
ამის შესახებ თენგიზ გუნავამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

"მზად ვარ ყველაფრისთვის, ვიცი რაღაცას ამზადებენ, ხალხი შეწუხებული ჰყავთ. სირცხვილია მათი მხრიდან, იმ ხალხს ნუ აწვალებენ. ეუბნებიან მიეცი ჩვენება გუნავას წინააღმდეგ და გარანტირებული გექნება სამსახური. მე მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ შეთითხნონ მორიგი საქმე. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, მსგავსი რაღაცეები იგეგმება პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამნინისტროში. კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ მარტივი მიზეზის გამო, ხვალ-ზეგ უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები და შემდგომ ვისაუბრებ. ხელისფლებამ რაც არ უნდა იფიქროს, მსგავსი რაღაცეებით ჩემი დაშინება არ გამოუვა", - განაცხადა გუნავამ.

სამეგრელოს გუბერნატორი მის შეწყალებასან დაკავშირებით საიას მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმჯობესია საია მისი დაკავების დეტალებით დაინტერესდეს.
"უმჯობესი იქნებოდა საია დაინტერესებულიყო იმით, რაც მე გამოვიარე, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნა დაწყებული ხელისფლების შეცვლის შემდეგ და უმჯობესია ამით დაინტერესდნენ", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

რაც შეეხება მის მიერ გუბერნატორის მოვალეობის შესრულების გაგრძელებას, გუნავას თქმით, დარჩენილია პროცედურული საკითხები და ის რამდენიმე დღეში ოფიციალურად შეუდგება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას.