ვლადიმერ პუტინისა და ბარაქ ობამას შეხვედრა შესაძლოა, ჩაიშალოს

ვლადიმერ პუტინისა და ბარაქ ობამას შეხვედრა შესაძლოა, ჩაიშალოს

"დიდი ოციანის" სექტემბრის სამიტის წინ, სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შორის დაგეგმილი შეხვედრა, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი ქერნის განცხადებით, დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის თაობაზე აშშ-ში მას შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რაც რუსეთმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს დროებითი თავშესაფარი მისცა.

"ერთობ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის ოფიციალური მოთხოვნისა და პირად საუბრებში თხოვნისა, მომხდარიყო ედვარდ სნოუდენის აშშ-ში ექსტრადირება, მათ ეს არ გააკეთეს", - განაცხადა ჯეი ქერნიმ და დასძინა, რომ მოსკოვმა წინასწარ არ აცნობა აშშ-ს სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება.

ბარაქ ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება ხელს არ შეუწყობს რუსეთ-ამერიკას შორის მომავალ პოზიტიურ ურთიერთობებს.

ედვარდ სნოუდენმა მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ზონა, სადაც ის 22 ივნისიდან მოყოლებული, ჰონგ-კონგიდან ჩასვლის შემდეგ იმყოფებოდა, 1 აგვისტოს დატოვა. რუსეთის ხელისუფლებას მან თავშესაფარი 12 ივლისს სთხოვა.

სნოუდენის მიღებაზე თანახმა იყვნენ ასევე ბოლივია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ეკვადორი. თუმცა, აშშ მკაცრი სანქციებით დაემუქრა იმ სახელმწიფოს, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს პოლიტიკური დევნილის მუდმივ სტატუსს მიანიჭებდა.

ედვარდ სნოუდენს, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო პროგრამა (PRISM) გაამჟღავნა, რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი ერთი წლის ვადით მისცა.