კობა დავითაშვილმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება კოლეგებს ელექტრონული ფოსტით აცნობა

კობა დავითაშვილმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება კოლეგებს ელექტრონული ფოსტით აცნობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძისთვის კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელია და აცხადებს, რომ ბრძოლის ველიდან გაქცევა სწორად არ მიაჩნია.

"რა თქმა უნდა, არ მომეწონა კობას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არჩევანში თავისუფალია. მიმაჩნია, რომ ახალაიას სასასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც ჩანს, ბევრი საკითხი დაუგროვდა. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ არის მისაღები, რადგან ბრძოლის ველიდან გაქცევა არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ხალხის წინაშე ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ გემიდან ჩავა და რაღაცას უკეთესად გააკეთებს, ძალიან ცდება. კობასთვის ბევრჯერ დამიჭერია მხარი და სოლიდარული ვყოფილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი და ნაჩქარევია", - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების თაობაზე დავითაშვილს უმრავლესობასთან საუბარი არ ჰქონია და შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.

"შეხვედრა არ ყოფილა. კობას ეს საკითხი უმრავლესობის სხდომაზე არ დაუყენებია. მხოლოდ დღეს ელექტრონული ფოსტით მივიღეთ ის განცხადება, რომელიც პრესკონფერენციაზე წაიკითხა", - აღნიშნა აბაშიძემ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია დავითაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

"ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს. ეს ჩემთვის ახალი რამეა. ყველამ თავისი სიმართლით იაროს", - აღნიშნა აბაშიძემ.