"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ კობა დავითაშვილი "პირველი მერცხალია"

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ დეპუტატი კობა დავითაშვილი "პირველი მერცხალია". "კოალიცია "ქართული ოცნება" ძალიან ეკლეკტური გაერთიანებაა და მისი რღვევა გარდაუვალია, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში კრიზისი მატულობს და ვერანაირ წინა საარჩევნო დაპირებას ხელისუფლება ვერ ასრულებს. მერწმუნეთ, კობა დავითაშვილი არის პირველი მერცხალი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა.

რატიანის თანაგუნდელი ზურაბ ჯაფარიძე კი, ყურადღებას ამახვილებს კობა დავითაშვილის პოლიტიკურ ტაქტიკაზე და აცხადებს, რომ მას სჩვევია ოპოზიციაში გადასვლა, რათა შემდგომ ხელისუფლებაში ახალი ოპოზიციური ძალით დაბრუნდეს.

"დავითაშვილი თვეების განმავლობაში კარგად აცნობიერებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკა რეცესიის მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, დავითაშვილი დიდი ხანია, ეძებს მიზეზს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. მას ერთხელ ამის მცდელობა ჰქონდა, როცა ჯანდაცვის მინისტრს სრულიად განწირული ჯანდაცვის პროგრამის გამო დაუპირისპირდა. ახლა, როგორც ჩანს, მან უფრო წონიანი საბაბი მოძებნა უმრვალესობიდან წასასვლელად. ამასთან, ზუსტად ამ ადამიანს ახასიათებს ხელისუფლებაში კოალიციით მოსვლა და შემდეგ კოალიციის დატოვება, ვიდრე ის რეიტინგს დაკარგავს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ კობა დავითაშვილის შანსები, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისა, ძალიან დაბალია.