ვახტანგ ხმალაძე:  კობა დავითაშვილი არაეთიკურად მოიქცა

ვახტანგ ხმალაძე: კობა დავითაშვილი არაეთიკურად მოიქცა

კობა დავითაშვილი არაეთიკურად მოიქცა იმ შემთხვევაში, თუ თავისი გადაწყვეტილება კოალიციას წინასწარ არ აცნობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მას არ სმენია, რომ დავითაშვილმა უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კოალიციის წევრებს შეუთანხმა.

"კანონი მას არ უკრძალავს, რომ ასე მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო იმ საარჩევნო ბლოკის წევრი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია და ამ ბლოკის პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი. მე ვფიქრობ, რომ მისი ასეთი მოქმედება, თუ ეს შეთანხმებული არ იყო კოალიციის წევრებთან და მე არაფერი გამიგია ამის თაობაზე, მაშინ ჩემი აზრით, არაეთიკურია. იქამდე სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებდა თავისი ასეთი განზრახვის შესახებ, ვფიქრობ, რომ უნდა ეცნობებინა კოალიციის წევრებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო.