კობა დავითაშვილი მემარცხენე ოპოზიციურ ფლანგში გეგმავს ყოფნას

კობა დავითაშვილი მემარცხენე ოპოზიციურ ფლანგში გეგმავს ყოფნას

"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მემარცხენე ოპოზიციურ ფლანგში გეგმავს ყოფნას.

როგორც დავითაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსტრუქციულ ოპონირებას აპირებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის ფუნქციებს ვერ ასრულებს, მას ამის რესურსი არ აქვს. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არ შეიძლება იყოს. ჩემი მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო ტრიბუნა კონსტრუქციული ოპონირებისთვის გამოვიყენო. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ უნდა გადაისინჯოს ის კურსი, რაც ხელისუფლებას აქვს აღებული და რომელიც თვალის დახუჭვას და კოჰაბიტაციას გულისხმობს", - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.

"ეს არის შრომის კოდექსი, როდესაც დამსაქმებლების ინტერესების უკან გაწევა მოხდა, ასევე სურსათის უვნებლობის კანონი, სადაც ასევე გლეხების და მეწარმეების ინტერესები ზარალდება. ბოლოს კი იყო იპოთეკარებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მოზომილი იყო", - აღნიშნა დავითაშვილმა.