კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრს ერთობლივი ბრძოლისთვის მადლობას უხდის

კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრს ერთობლივი ბრძოლისთვის მადლობას უხდის

"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი ბრძოლისთვის მადლობას უხდის. 

ამის შესახებ "ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გაახმაურა.

"დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას და თითეულ თქვენგანს იმ ერთობლივი ბრძოლისათვის, რომელიც 1 ოქტომბრის გამარჯვებით დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვეყოფა პოლიტიკური კულტურა, რომ ვიკამათოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისე, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთის პატივისცემა, რა პატივისცემასაც გულწრფელად განვიცდი თითეული თქვენგანის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ თანამებრძოლთა მიმართ. ჩემი ამოცანაა არა თქვენი გულისტკენა, არამედ მცდარი კურსის გადასინჯვის აუცილებლობაში თქვენი დარწმუნება. დანარჩენი დაე, ამომრჩეველმა განსაჯოს", - განაცხადა დავითაშვილმა.