საგარეო უწყებაში მთავრობის და დიპკორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო უწყებაში მთავრობის და დიპკორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილე, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინა საარჩევნო გარემოსა და საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისს.

შეხვედრას ესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დეპუტატი თინა ხიდაშელი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში თამარ ჩუგოშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეული დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ.

"ვისაუბრებთ წინა საარჩევნო გარემოზე და იმაზე თუ როგორ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ასევე ვუპასუხებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეკითხვებს. ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ მზადება საპრეზიდენტო არცჩევნებისთვის, თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანოზაციებთან და მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს წარმატებულად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.