"ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას სისტემატური უთანხმოების გამო და კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში"

"სახალხო პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ის საპარლამენტო უმრავლესობას სისტემატური უთანხმოების გამო ტოვებს. 

ამის შესახებ "ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ძვირფასო მეგობრებო, ზემოაღნიშნული მესიჯი და ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ასახავს ეს მესიჯი კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. სასამართლო დამოუკიდებელია კანონისაგან და თავისუფალია სინდისისაგან. ის დამოკიდებულია იმ დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, და თურმე კიდევ უნდა დავპირდეთ, რომ ასეთი "დამოუკიდებლობა" შენარჩუნდება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას, ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოაბიტაციაზე და ამ კურსის ისეთ თვალსაჩინო მაგალითებისა, როგორიცაა უარის თქმა ნაფიც მსაჯულთა სავალდებულობაზე და საერთო სასამართლოების კანონში გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ იუსტიციის საბჭოს სამარცხვინო არჩევნები და კუბლაშვილის მოადგილის ვოიაჟი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ევროპის სახალხო პარტიის შეკრებაზე, რასაც სათანადო შეფასება არ მივეცით, არ დავფიქრდით კურსის გადასინჯვის აუცილებლობაზე და აი შედეგიც, დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოყვება მერაბიშვილის გამართლება და სხვა ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება. ჩემთვის ასევე ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა კი ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების რიგითი და ყველაზე დაუცველი წარმომადგენლების ინტერესებს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, სასაკლაოების მეპატრონეთა, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეებისა და ბანკების ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი. ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო თქვენი აზრით ზედმეტი და ჩემი აზრით აუცილებელი კომენტარებისაგან და შესაბამისი გადაწყვეტილებებისაგან, კერძოდ, ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას ქართული პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებზე, მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას.

დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას და თითეულ თქვენგანს იმ ერთობლივი ბრძოლისათვის, რომელიც პირველი ოქტომბრის გამარჯვებით დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვეყოფა პოლიტიკური კულტურა, რომ ვიკამათოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისე, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთის პატივისცემა, რა პატივისცემასაც გულწრფელად განვიცდი თითეული თქვენგანის, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ თანამებრძოლთა მიმართ. ჩემი ამოცანაა არა თქვენი გულისტკენა, არამედ მცდარი კურსის გადასინჯვის აუცილებლობაში თქვენი დარწმუნება. დანარჩენი დაე ამომრჩეველმა განსაჯოს!

დიდი მადლობა პიარსამსახურს ხანგრძლივი და სასარგებლო დახმარებისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად მეც მიწევდით, მაგრამ ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშკარაა, რომ რაც სწრაფად ამომიღებთ ელფოსტის ადრესატთა სიიდან, მით ნაკლები უხერხულობა შეიქმნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც", - განაცხადა დავითაშვილმა.