ვინ არის ივანიშვილის გუნდში ყველაზე სანდო და ვინ უთხრის ძირს პრემიერს?

ვინ არის ივანიშვილის გუნდში ყველაზე სანდო და ვინ უთხრის ძირს პრემიერს?

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, კოალიციაში არაფრის გამკეთებლები არ არიან. მის გარეშე ვერ "გაქაჩავენ, რადგან ძალიან უსუსურები არიან. ამის შესახებ, გაზეთ "ალიასთან" საუბრისას "სახალხო კრების" წევრმა, ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ძნელია, როდესაც სულ რამდენიმე ერთგული ადამიანი გყავს, ორასი კი გებრძვის.

"ასეთ შემთხვევაში, ან უნდა წახვიდე, ან ხელისუფლება ხელახლა დააკომპლექტო. ჩემი აზრით, ივანიშვილი ბოლომდე უნდა დარჩეს და სიტუაცია დაალაგოს, თორემ გაჩნდებიან გაურკვეველი ძალები, უცხოეთიდან დაფინანსებული პატარ-პატარა დაჯგუფებები და საეჭვო პიროვნებები გააქტიურდებიან. ხელისუფლება აქტიური ოქტომბრიდანვე უნდა ყოფილიყო, ახლა გვიანია. უკვე აგვისტო დადგა, წავლენ დასასვენებლად და ეს თვეც დაკარგულია. "ნაციონალები" კი ამ დროს რეგიონებში ისე აქტიურობენ, ხალხს ვეღარ გაუგია, ვინ არის ხელისუფლებაში. საკრებულოებსა და გამგეობებში ისევ ისინი სხედან, თბილისი უგულავას ხელშია. ესენი თავიანთ რაიონულ ორგანიზაციებსაც არ აქცევენ ყურადღებას და იქაურობა საეჭვო ადამიანებითაა სავსე". - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.

"სახალხო კრების" წევრი თვლის, რომ საქმე კარგად არც პროკურატურაშია, რადგან იქ "ადეიშვილის ნარჩენები არიან". მისი თქმით, პროკურორები ერთმანეთზე არიან გადაბმულნი და ერთი რომ დაიჭირონ, ყველას გასვრის პროცესი წავა, რადგან სააკაშვილის პერიოდში, კანონს ყველა ერთად არღვევდა და სიბინძურეებს ერთად აკეთებდა.

"ვიღაცას დაიჭერენ, მერე გაუშვებენ, ზოგს ამნისტია ეხება, ზოგი სასამართლო დარბაზიდან თავისუფლდება. დღეს პროკურატურაში 22 ათასი საჩივარია შეტანილი, რომელთაგან განხილული ძალიან ცოტაა და პასუხი გაცემული იმაზეც არ არის. ეს დიდი სისუსტეა. არჩილ კბილაშვილი წესიერი და განათლებული კაცია, მაგრამ ამ ყველაფრის უკან მისი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი დგას და სწორედ ის არის გასათავისუფლებელი". - განუცხადა "ალიას" ლაშა ამირეჯიბმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილზეა ჩამოკიდებული, ზოგი კი მიმდგარია დამას ნიჩბით ძირს უთხრის.

"ივანიშვილი ზეწოლის ქვეშაა, მის გარემოცვაში არ გამოჩნდა ხალხი, რომელიც მოსახლეობას ყველაფერს აუხსნის. ამას მხოლოდ ერთი კაცი ცდილობს. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ კაცს წასვლის სურვილი გაუჩნდეს?" - განაცხადა ამირეჯიბმა.

მისი მოსაზრებით, ივანიშვილისთვის, ყველაზე სანდო ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ოჯახის წევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანია, რაც ძალიან ცოტაა.