"მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საუკეთესო უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში"

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საუკეთესო უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.

ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

შეხვედრაზე, რომელშიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრემიერის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი, დეპუტატი თინა ხიდაშელი მონაწილეობენ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

"საუბარი გვექნება, თუ როგორ ემზადება საქართველოს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. როგორ იცით, უწყებათაშორისი კომისია გადადის იუსტიციის სამინისტროსთან და დიპლომატებს დეტალურად გავაცნობთ ჩვენს საქმიანობას. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საუკეთესო უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. შესაბამისად, ძირითადი ყურადღება შეხვედრაზე სწორედ საქართველოს მთავრობის მზაობაზე გამახვილდება, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს და არჩევნებამდე 9 თვით ადრე გაუგზავნა მოწვევა ODIHR-ს, რომელიც მთავარი დამკვირვებელი იქნება.