გარდაბნის გამგებელი თანამდებობიდან გადააყენეს

გარდაბნის გამგებელი თანამდებობიდან გადააყენეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელ გელა ხუციშვილს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. 

ხუციშვილის იმპიჩმენტის საკითხი დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე გაიტანეს და დაკავებული თანამდებობიდან ერთხმად გადააყენეს.

ამავე სხდომაზე გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ნუგზარ ჩადუნელი აირიჩისე, რომელიც მანამდე გამგებლის მოადგილე იყო. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 27 დეპუტატი ესწრებოდა, ჩადუნელის კანდიდატურას 22–მა დაუჭირა მხარი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან"" საუბარში გარდაბნის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ოთარ გავაშელაშვილმა განაცხადა, ჯერ ბიუროს სხდომა დაინიშნა, შემდეგ კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. გარდაბანში დღემდე არც ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი არ დაწყებულა და დეპუტატებმა გელა ხუციშვილს უნდობლობა, სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის არასრულფასოვნად შესრულებისათვის გამოუცხადეს.

გელა ხუციშვილი სულ სამი თვე ასრულებდა გარდაბნის გამგებლის მოვალეობას, მანამდე კი, გარდაბანში ,,ქართული ოცნების"" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.